WizzAir-ში აცხადებენ, რომ კომპანიის გეგმებში კვლავ შედის საქართველოს ბაზარზე გაფართოება და ქუთაისის აეროპორტიდან ახალი ავიამიმართულებების დამატება.
როგორც „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, თვითმფრინავების ძრავების შემოწმების გამო წელს არაერთი ფრენის გაუქმება და გადადება მოუწიათ. თუმცა ჟაჟა ტრუბეკის თქმით, არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან ქუთაისიდან ახალი ავიამიმართულებებიც დაანონსდეს.
მისი თქმით, WizzAir ასევე გეგმავს, რომ მომავალში ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობაც გაზარდოს.
- საუბარი მინდა WizzAir-თან დაკავშირებული ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური საკითხით დავიწყოთ. ქუთაისის აეროპორტიდან არაერთი ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. რა არის შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზები?
შემიძლია დავადასტურო, რომ ვიზეარის ფრენების გადადება-გაუქმებასთან დაკავშირებული ვითარება კომპანია Pratt & Whitney-ის ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ჩვენი კონტროლის მიღმაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოგვიწია რიგი ავიამიმართულებები ჩვენი ქსელის მასშტაბით დროებით შეგვეჩერებინა. ამ ვითარებამ საქართველოში, ქუთაისის ბაზიდან მარშრუტების დროებით შეჩერებაც გამოიწვია. ასე რომ მსგავსი ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენ ძალებშია, რომ ავიამარშრუტები რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ.
- ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტიდან ავიამიმართულებების ნაწილი საერთოდ აღარაა ხელმისაწვდომი, როგორიცაა მაგალითად, მადრიდი. გახშირებულია, ფრენების გაუქმება-გადადების შემთხვევები. ამ ფონზე ბევრი მომხმარებელი ჩივის, რომ მათ მნიშვნელოვნად ეცვლებათ სამოგზაურო გეგმები. რა მიდგომა გაქვთ ასეთ შემთხვევებში და თუ არის სავარაუდო თარიღი ცნობილი, როდის შეიძლება არსებული ვითარება მოგვარდეს და ფრენები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდეს?
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მომხმარებლების სამგზავრო გეგმებში შეფერხებები შევამციროთ. თუკი ვხედავთ, რომ შესაძლოა, მომავალში მოგვიწიოს რიგი მარშრუტების გაუქმება და დროებით შეჩერება, ჩვენ მგზავრებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ, სხვადასხვა ვარიანტები შევთავაზოთ. მათ შორისაა თარიღების შეცვლა, თანხის დაბრუნება, ანდაც კრედიტების ასახვა ჩვენს ანგარიშზე. ძალიან ვწუხვართ, თუკი ჩვენს მგზავრებს საკუთარ გეგმებში ცვლილებების შეტანა უწევთ. ამიტომ ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, დროულად შევატყობინოთ მომხმარებლებს ფრენების განრიგში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ველოდით, რომ მოგვიწევდა რიგი მიმართულებებით ფრენების დროებით შეჩერება, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ფრენების ნაწილი ჩვენს განრიგში იყო და გვეგონა, რომ მათ შესრულებას შევძლებდით, თუმცა ახლა ის რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს. ამ დროისთვის საკმაოდ რთულია პროგნოზი, როდის შევძლებთ მიმართულებების აღდგენას და როდის შეძლებენ ქართველი მოგზაურები ძველი განრიგით სარგებლობას, თუმცა ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაფერს ვაკეთებთ
- ბოლო პერიოდში ასევე ვიზეარის რიგ ავიამიმართულებებზე ფასების ზრდაც შესამჩნევია. რითია განპირობებული ფრენების გაძვირება და რას უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით ზაფხულის სეზონზე?
ბილეთების ფასებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფასები ყოველთვის დამოკიდებულია მოთხოვნა მიწოდებაზე. შესაძლოა, გასულ წელს მოთხოვნა და მიწოდება განსხვავებული იყო, ამიტომ ბილეთების ფასებზე საუბრისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიზანი არის ის, რომ ფასები რამდენადაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს. ესაა ჩვენი მისია და სწორედ ამის შეთავაზება გვსურს ჩვენი მგზავრებისთვის. როგორც აღვნიშნე, ძრავების ინსპექტირების ფონზე, მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ვითარება მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ. ხელმისაწვდომობა ყოველთვის იყო და კვლავ არის ვიზეარისთვის პრიორიტეტი
- ასევე უნდა გკითხოთ, ფასთა სხვაობის მიზეზებზე ქუთაისსა და ერევანს შორის. თუკი ავიღებთ ერთი და იგივე ავიამიმართულებას, ვნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ერევნიდან ფრენები უფრო იაფია. რა განაპირობებს იმას, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ასეთი განსხვავებაა?
დიახ, რეგიონი იგივეა, თუმცა განსხვავებები მაინცაა. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა, ხარჯები განსხვავებული იყოს, არამხოლოდ რეგიონში, არამედ ქალაქებს შორისაც კი. ასევე მოთხოვნა შეიძლება იყოს ამის განმაპირობებელი. საქართველოში უკვე დიდი ხანია წარმოდგენილები ვართ, ქართველი მომხმარებელი ჩვენ კარგად გვიცნობს და შესაძლოა, ქუთაისიდან ფრენებზე მოთხოვნაც უფრო მაღალია. ერევანი კი ჩვენთვის შედარებით მაინც ახალია. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი იგივეა, როგორც ვთქვი, ხარჯები და მოთხოვნა შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც საბოლოოდ ბილეთების ფასებზეც ახდენს გავლენას.
- შექმნილი ვითარების გამო წლევანდელი ზაფხულის სეზონი WizzAir-სთვის მარტივი ვერ იქნება. თუმცა მაინც მინდა გკითხოთ, თუ უნდა ველოდეთ უახლოეს ხანებში რაიმე სიახლეებს ახალი ავიამიმართულებების ნაწილში და გეგმავთ, თუ არა ქუთაისში არსებული ბაზის გაფართოებას და ახალი ხომალდების დამატებას?
ვიზეარის გეგმები საქართველოსთან და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ჩვენ გვინდა, რომ ამ ბაზარზე გავიზარდოთ და გავფართოვდეთ. სავარაუდოდ, ეს ზაფხული და ეს წელი ამ მიმართულებით ხელსაყრელი ვერ იქნება, უკვე აღნიშნული ვითარების გამო, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი საკითხია. როდესაც ჩვენ არსებულ გამოწვევებს დავძლევთ, შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან ქუთაისიდან ახალი ავიამიმართულებებიც დავაანონსოთ. ჩვენთვის საქართველოს ბაზარი კვლავ საინტერესოა და ზრდას ვაპირებთ. ქუთაისში ვინარჩუნებთ ბაზას და მომავალში ადგილზე უფრო მეტი ბაზირებული თვითმფრინავი გვეყოლება.
- უკვე 12 წელია, რაც WizzAir-ი საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს, რა იყო ძირითადი მიღწევები და გამოწვევები?
ჩვენ ამ წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებას ვადევნებდით თვალს და თავადაც შევიტანეთ ამ პროცესში წვლილი. ვიზეარმა ძალიან ბევრი მგზავრი დააკავშირა ევროპასთან და პირიქით, ბევრი მოგზაური ჩამოვიყვანეთ საქართველოში და მათ თქვენი ქვეყანა და მისი არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა გავაცანით. ძალიან ვამაყობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული 12 წელი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეც გაგრძელება.