Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ორი ან სამი ევროპული ავიაკომპანია შესაძლოა გაკოტრდეს.
ევროპის უდიდესი ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ირანის ომის გამო საწვავის ხარჯებმა მხოლოდ აპრილში Ryanair-ს დამატებით 50 მილიონი დოლარი დააკარგვინა.
"თუ ნავთობის ფასი ამ დონეზე შენარჩუნდება, ოქტომბერში ან ნოემბერში ორი ან სამი ევროპული ავიაკომპანია შეიძლება გაკოტრდეს. მათ შორის Wizz Air-ი (რომელსაც ჩემთვის ჩივილი სურს, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ ექნება) და airBaltic-ი. ჩვენი ბიზნესისთვის ეს კარგი იქნება, რადგან კონკურენტების რაოდენობა შემცირდება", - განუცხადა მან იტალიურ გაზეთ Il Sole 24 Ore-ს.
საქმე ისაა, რომ ამ თვის დასაწყისში ლატვიის პარლამენტმა airBaltic-ისთვის 30 მილიონი ევროს მოკლევადიანი სესხი დაამტკიცა, რათა "კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა შემსუბუქდეს".
სესხი მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა დაიფაროს.
airBaltic ლატვიის ეროვნული ავიაკომპანიაა, რომლის საკონტროლო პაკეტს ლატვიის მთავრობა ფლობს. ბიზნესის 10%-იან მცირე წილს ასევე ფლობს Lufthansa Group.
ავიაკომპანიის მთავარი ბაზა რიგაშია, თუმცა ის ასევე ოპერირებს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ფინეთის ქალაქ ტამპერეში მდებარე ჰაბებიდან.
airBaltic მოკლე მანძილზე ფრენებს ძირითადად ევროპის მასშტაბით ასრულებს, ასევე აქვს გარკვეული რეისები ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
Wizz Air-მა განაცხადა, რომ ო'ლირის კომენტარები "სრულიად უსაფუძვლო და მცდარია".
"Wizz Air-ს აქვს ძლიერი ბალანსი, მნიშვნელოვანი ლიკვიდობა და თავის თვითმფრინავებს 18 თვით ადრე აფინანსებს, მაშინ როცა სალიზინგო კომპანიები და სხვა დამფინანსებლები თითოეული შესაძლებლობისთვის აქტიურად კონკურირებენ.
ეს არის ბიზნესი, რომელსაც მკაფიო სტაბილურობა აქვს. Wizz Air ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაზღვეული ავიაკომპანიაა საწვავის სწრაფად ცვალებადი ფასების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენი ფლოტის 75% უკვე A320neo ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება, რაც ევროპის ნებისმიერ სხვა ავიაკომპანიასთან შედარებით სტრუქტურულ უპირატესობას გვაძლევს, რადგან საწვავის წვა საგრძნობლად ნაკლებია და ეფექტიანობა უფრო მაღალი. Wizz Air ასევე ინარჩუნებს ხანგრძლივ ურთიერთობებს წამყვან გამქირავებლებთან და მწარმოებლებთან და აგრძელებს თავისი ფლოტის სტრატეგიის შეუფერხებლად განხორციელებას", - ნათქვამია Wizz Air-ის პრესსპიკერის მიერ Euronews Travel-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში.
უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს ბაზები აქვს ბუდაპეშტში, ბუქარესტსა და ლონდონ-ლუტონში და ფრენებს მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ო'ლირიმ Wizz Air-ის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა.
ჯერ კიდევ 2019 წელს, The Mail On Sunday-სთან ინტერვიუში, ო'ლირიმ Wizz Air დაასახელა ევროპული ავიაკომპანიების იმ რიგში, რომელთა გაკოტრებასაც ის მომავალ წლებში ვარაუდობდა.




























