მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ქართული ლოკოკინა ექსპორტზე საფრანგეთშიც გავიდეს - "ნადი გრუპის“ გეგმები

606ad4ff541f9
ინგა მურუსიძე
05.04.21 13:47
1853
კომპანია „ნადი გრუპი“ წელს ექსპორტზე 150 ტონა ლოკოკინას გატანას გეგმავს. როგორც bm.ge-ს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე ლოკოკინების ღია ფერმის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, საწარმოს საქმიანობაზე პანდემია განსაკუთრებით მძიმედ არ ასახულა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს სულ, დაახლოებით, 100 ტონამდე პროდუქცია აწარმოეს, აქედან 40 ტონა ექსპორტზე იტალიაში გავიდა, ხოლო 60 ტონა საქართველოში გაყიდა.

მიმდინარე წელს კი საწარმო სულ 250 ტონა პროდუქციის წარმოებას გეგმავს - 150 ტონა ექსპორტზე უნდა გავიდეს, ხოლო 100-ის რეალიზება ისევ შიდა ბაზარზე უნდა მოხდეს. „იტალიის გარდა, ვგეგმავთ პროდუქციის გატანას საფრანგეთშიც; ამაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - ამბობს ნადარაია.

ბიზნესმენის განმარტებით, „ნადი გრუპი“ წარმოებას პარტნიორი ფერმების ხარჯზე აფართოებს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორი ფერმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა უმეტესად სამეგრელოში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და მათ წარმოებულ პროდუქციას ვიბარებთ. ფერმები კონკრეტული ფერმერების ინვესტიციით არის დაარსებული, თუმცა ჩვენი სტანდარტებით და ჩვენი უშუალო ჩართულობით ფუნქციონირებენ, რაც ჩვენ მიერ ჩატარებულ უფასო ტრენინგებსა და ხარისხის კონტროლში გამოიხატება. ამჟამად 10 პარტნიორი ფერმა გვყავს და 15 კიდევ შენდება. სწორედ აქ შეგვიშალა ხელი პანდემიამ - ფერმერები საშენ მასალებს ვერ ყიდულობდნენ და ფერმების აშენებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ახლა ეს პრობლემაც მოგვარდა და ველოდებით, როდის შემოგვიერთდებიან პარტნიორი ფერმერები“, - განაცხადა ნადარაიამ.

„ნადი გრუპი“ ამ დროისთვის 50 ადამიანს ასაქმებს და პანდემიის მიუხედავად, მათი რიცხვი ან სახელფასო ანაზღაურება არ შეცვლილა.

ლოკოკინების ფერმა ხობში 2017 წელს აშენდა. მასში 1,8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები