"შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებს", - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა ილონა კოკიაშვილმა "ფასების კომისიასთან" შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეფერენტული ფასების რეგულაციის გაფართოება იყო. ამ ეტაპზე საქართველოში რეგისტრირებული 11 000 მედიკამენტიდან რეფერენტული ფასი დაახლოებით 7 000-ზე მეტ პროდუქტს აქვს დადგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი რეგულაციაში ჯერ არ შედის.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანაში რეგულირებული არის რეფერენტული ფასები, ძალიან დიდ რაოდენობაზე, 11 000 რეგისტრირებული მედიკამენტიდან 7 000-ზე ცოტა მეტზე არის დარეგისტრირებული რეფერენტული ფასი. არის დარჩენილი ნაწილი, რომელიც არ არის მოყოლილი ჯერ რეფერენტულ რეგულაციაში. საუბარი იყო, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ მედიკამენტების შეყვანა და ასახვა მათზე დაწესება ფასების. ეს იყო პირველი, მონახაზის ნაწილი.
შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებს. ყველა მსხვილმა იმპორტიორმა, დისტრიბუტორმა და ქსელის წარმომადგენელმა გააზიარა თავისი არსებული მოცემულობა. ამის ანალიზის შემდეგ უკვე სამუშაო ჯგუფებში დაიწყება კონკრეტული მუშაობა“, – აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს ფარმაცევტულ სექტორში არსებული რეალური სურათი, მათ შორის ფინანსური მაჩვენებლები და მოგების მარჟები. მისივე თქმით, განხილვის საგანი გახდა მოქმედი რეგულაციები და ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მხოლოდ მწარმოებლის ფასზე არ არის დამოკიდებული.
„ფასწარმოქმნის სისტემაში მონაწილეობს არაერთი კომპონენტი – რეგულაციები, პოპულაცია, რეგიონზე გათვლილი ფასები. ეს არის მთელი ციკლი, რაც განაპირობებს საბოლოო ფასს. შესაბამისად, ვმსჯელობდით, არის თუ არა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მედიკამენტები მოსახლეობისთვის და პარალელურად გაფართოვდეს სია“, – აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ილონა კოკიაშვილის განმარტებით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ წნეხს წარმოადგენს, რაც ასევე აისახება ფასწარმოქმნაზე.
„ნებისმიერი რეგულაცია და სტანდარტის დანერგვა დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის. შესაბამისად, ფასი დამოკიდებულია რეგულაციაზე, რეგიონზე და პოპულაციაზე - ამ სამი კომპონენტის კოლაბორაცია ქმნის ფასწარმოქმნის სისტემას“, - განაცხადა მან.
კოკიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე.
„იაფი მედიკამენტი და მაღალი ხარისხის მედიკამენტი პარალელში ვერ მოდის. აუცილებელია მაღალი ხარისხის დაცვა, ფიზიკური ხელმისაწვდომობის შენარჩუნება და პარალელურად ფინანსური ხელმისაწვდომობაც. თუ მედიკამენტი ქაღალდზე ერთ ლარად იქნება და ფიზიკურად არ იარსებებს, მისი ფასი მნიშვნელობას კარგავს,“ – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თემა კომპლექსური და სენსიტიურია, რადგან უკავშირდება მედიკამენტების უწყვეტ მიწოდებას და პაციენტების საჭიროებებს. „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ პაციენტს, მიუხედავად ყველა წნეხისა, არ შეექმნას პრობლემა მედიკამენტზე წვდომის მხრივ – არც ფიზიკურად და არც ფინანსურად“, – განაცხადა კოკიაშვილმა.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.
მიმდინარე კვირაში კი შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც დაგეგმილია.




























