"სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებაზე საუბარი საქართველოში რიტუალად იქცა, თუმცა თბილისი ნდობის აღსადგენად არაფერს აკეთებს", - ამის შესახებ Sputnik-თან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ვაზაგოვმა განაცხადა.
ამ განცხადებით იური ვაზაგოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა, ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მშვიდობიანი დაბრუნებაა.
"კობახიძეს ახალი არაფერი უთქვამს. მსგავსი განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ საქართველოს ყველა პრემიერ-მინისტრისგან და არა მხოლოდ, გვესმის. საქართველოში ერთგვარ რიტუალად იქცა სიტყვები ურთიერთობების მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის რაიმე სახის ნაბიჯები იდგმევა", - განაცხადა იური ვაზაგოვმა.
ამასთან, ვაზაგოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში საზოგადოების ნაწილს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს ილუზია აქვთ, რომ საქართველოს შეუძლია აზერბაიჯანის წარმატება გაიმეოროს.
"ყარაბაღის პრეცედენტით ისინი იმიტომ არიან დაინტერესებულები, რომ აზერბაიჯანმა, ფაშინიანის ხელისუფლების შეცდომების წყალობით, სომხეთის იზოლაცია შეძლო. სომხეთი, ფაქტობრივად, დისტანცირდა მათგან, ვისაც მისი დახმარება შეეძლო. ეს არის მინიშნება იმ ფაქტზე, რომ საქართველო შეძლებს, რუსეთს აიძულოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი დათმოს, აფხაზები და ოსები კი საქართველოსთან და მის მოკავშირეებთან ერთი-ერთზე დარჩნენ", - აღნიშნა ვაზაგოვმა.
იური ვაზაგოვი ირაკლი კობახიძესაც აფასებს. მისი თქმით, ის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ყველა პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა ბიძინა ივანიშვილს აქვს და ყველაფერს ის გადაწყვეტს.
ახალი ამბები დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ მედია BMG-ზე.