აუდიტმა "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში" იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შემოწმების ნაკლოვანებები გამოავლინა.
დოკუმენტის თანახმად, იმპორტის წინასწარი შეტყობინების ავტომატური დადასტურებების პროცენტული წილი მთლიან შეტყობინებებში მაღალი არ არის, მაგრამ რჩება რისკი, რომ საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციოდ შეუსაბამო პროდუქტი მოხვდება.
აუდიტი წერს, რომ სააგენტოში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს სარისკო პროდუქტის შესახებ თითოეული იმპორტის წინასწარი შეტყობინების შემოწმებას და დროული გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო განხილვის ვადის გადაცილების გამო ავტომატურად დადასტურების შემთხვევებთან დაკავშირებით − სათანადო ანალიზს და რეაგირებას.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს იმპორტირებული საქონლის კონტროლი, რათა ბაზარზე მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტი არ დაიშვას. ამ მიზნის მისაღწევად სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შესწავლა და საქართველოს ბაზარზე პროდუქტის დაშვების თაობაზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა.
აუდის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საზედამხედველო პროდუქტების იმპორტიორების მიერ წარდგენილი ე.წ. „იმპორტის წინასწარი შეტყობინებების“ შემოწმებას. ეკონომიკური ოპერატორი იმპორტის წინასწარ შეტყობინებას, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით, ელექტრონულად არეგისტრირებს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა ORACLE-ში, რის შემდეგაც სააგენტოს ამავე სისტემის მეშვეობით ეძლევა აღნიშნული შეტყობინებების შემოწმების შესაძლებლობა.
აქვე გეტყვით, რომ იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება დადგენილია სააგენტოს საზედამხედველო პროდუქტების განმსაზღვრელი არა ყველა ტექნიკური რეგლამენტით, არამედ მხოლოდ 5 კატეგორიის პროდუქტზე.
პროდუქტები, რომლებზეც ვრცელდება იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შემდეგია:
იმპორტის წინასწარი შეტყობინებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ევროკომისიის მიერ 2023 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების სისტემა არ შეესაბამება ევრორეგულაციებს.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ზემოაღნიშნული ხუთივე ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების განმარტებითი ბარათები, რომლებშიც არ არის მოცემული იმპორტის წინასწარი შეტყობინებების პრაქტიკის შემოღების რაიმე სახის დასაბუთება. რამდენადაც ევროკავშირი წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს საქართველოსთვის, იმპორტის წინასწარი შეტყობინების სისტემის შეუსაბამობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს იმპორტის შესაძლებლობებზე.
აუდიტის რეკომენდაცია სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის შემდეგია: ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს რესურსების პროდუქტიული გამოყენების, ასევე პროდუქტის იმპორტის გამარტივების მიზნით, სააგენტომ შეიმუშაოს ბაზარზე ზედამხედველობისთვის აუცილებელი რისკის შეფასების სისტემის შექმნისა და დანერგვის პროექტი, რომელშიც დასაბუთებული იქნება ამ სისტემის მნიშვნელოვნება და საჭირო რესურსები, სააგენტოს მანდატის ეფექტიანად განსახორციელებლად.