ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018 წელს FDI 35%-ით შემცირდა და 2013 წლის შემდგომ ყველაზე მცირე იყო.
მაია ცქიტიშვილმა მის მიერ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, BMG-ის უპასუხა, რომ მას რიცხვები შეეშალა, თუმცა ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია.
“მე თუ არ ვცდები, ჩვენ წელს გვაქვს 35%-იანი კლება. შესაძლოა შევცდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მახსოვს, რომ ჩვენი ინვესტიციების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა კლება ინვესტიციების ნაწილში, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის კლება, რომელიც არის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებული. ასევე ამას ჰქონდა ახსნა - კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დასრულების ფაზასთან დაკავშირებით; იყო დინამიკის ფაქტორიც, მაგრამ მთლიანობაში, ინვესტიციების დინამიკა არის პოზიტიური და მხოლოდ ჩვენგან არა, ფორუმის სხვა მონაწილეებისგანაც მოისმენდით ამას", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.
“ჩვენ გვაქვს ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. გასული წელი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მთლიანობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა", განაცხადა ფორუმზე ვიცე-პრემიერმა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში $1.265 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო.
შემცირებას საქსტატი რამდენიმე ძირითადი მიზეზით, მათ შორის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის - შაჰ დენიზის მილსადენის მშენებლობის დასრულებით ხსნის.
წლების მიხედვით, 2018 წელს 2013 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ინვესტიციების ნაკადი აღინიშნა. სრული სტატისტიკა ასეთია:
2018 წელი - $1.265 მილიარდი დოლარი;
2017 წელი - $1.962 მილიარდი დოლარი;
2016 წელი - $1.650 მილიარდი დოლარი;
2015 წელი - $1.729 მილიარდი დოლარი;
2014 წელი - $1.837 მილიარდი დოლარი;
2013 წელი - $1.039 მილიარდი დოლარი.
საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციების კლება 2019 წელსაც შენარჩუნდა. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში FDI $473 მილიონი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ $727 მილიონთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.




























