პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, სოფო ხორგუანის წინადადებას, კანონით დადგინდეს ხელფასის მინიმალური ზღვარი და 1000 ლარის ოდენობით განისაზღვროს, "ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იმ რისკების განხილვით ეხმიანება, რომელიც, შესაძლოა, მინიმალური ხელფასის დადგენას მოჰყვეს.
"ბუნებრივია, ეს რისკები არ არის საიდუმლო, ყველა ქვეყანაში ამაზეა მსჯელობა. ეს რისკები დაკავშირებულია უმუშევრობის ზრდასთან, მათ შორის, პირველ რიგში, კერძო სექტორთან მიმართებით, მინიმალური ხელფასის ზღვრის დადგენის შემთხვევაში.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი, რომ ამან შესაძლოა გარკვეულწილად, გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდაც. ბიზნესოპერატორები, რომლებიც არ იქნებიან მზად დადგენილ ზღვარს ზევით ან ზღვარზე გადაუხადოს ხელფასი დასაქმებულს, შესაძლებელია, ამან დასაქმების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენით წარდგენისას.
ცნობისთვის, ამ დრომდე ძალაში რჩება 1999 წლის N351 ბრძანება, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით.




























