ვფიქრობ, შესაძლებელია მომავალი წლების ბიუჯეტში ერთჯერადი ზრდის ნაცვლად, ვეტერანების პენსიის ინდექსაცია მოხდეს - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის დევი ჭანკოტაძის კითხვას, იგეგმება თუ არა ვეტერანების 100 ლარიანი პენსიის ზრდა.
მინისტრის თქმით, აუცილებელია ამ მხრივ მოხდეს ცვლილებები.
"ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ვეტერანებს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, როდესაც 2022 წელს მივიღეთ ცვლილებები და 2023 წლისთვის 22 ლარიანი საკომპენსაციო თანხა რომელიც იყო უფრო კომუნალური ნაწილის თანხით ანაზღაურება გავზარდეთ 100 ლარამდე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შესაძლებელი და აუცილებელია ცვლილებები განვახორციელოთ. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტებში ამ ნაწილში შესაძლებელია ვიფიქროთ არა მხოლოდ ერთჯერად ზრდაზე გარკვეულწილად ინდექსაციაზეც. იმისთვის, რომ ეს არ იყოს ყოველწლიურად განხილვის საგანი. შევჯერდეთ კონკრეტულ ფორმულაზე, რომლითაც მოხდება ზრდა. ამის მაგალითები გვაქვს სხვა შემთხვევებში", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი ფინანსთა მინისტრს ,,მინისტრის საათის" ფორმატში უსმენს.