მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაკრებთა გადანაცვლება და ნაწილის დამატება - რისგან შედგება ახალი 500-მილიონიანი პროგრამა

6086f1e328505
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.21 21:14
1047
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა 500-მილიონიანი პროგრამა, რომელიც რეგიონული განვითარების ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მის ფარლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

დღესვე, საკანონმდებლო მაცნეზე ამ პროგრამის შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს ამ პროგრამის დაფინანსება 130 მილიონი ლარით მოხდება, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტში ისედაც იყო განსაზღვრული, თუმცა შეიცვლება მისი მიზნობრიობა. 130 მილიონი ლარი წელს ამ პროგრამის სრული ბიუჯეტი არ არის და მას დაემატება 90 მილიონი ლარიც, რომლის მობილიზებაც ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან დაევალა.

იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ისედაც რეგიონებში ახორციელებს პროგრამებს, ფაქტი, რომ ამ ფონდს საკუთარი ბიუჯეტიდან 130 მილიონი ლარის ისევ რეგიონულ პროექტებში დახარჯვა დაევალა, არ ცვლის შედეგს - დღეს წარდგენილი პროგრამის გარეშეც, ეს თანხა რეგიონალურ პროექტებზე დაიხარჯებოდა.

დადგენილების მეორე მუხლში წერია:

“ა) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის დამტკიცებული ქვეპროგრამ(ებ)ით განსაზღვრული ასიგნებებიდან ან/და საკუთარი სახსრებით, ეს უკანასკნელი არაუმეტეს 130 მილიონი ლარის ფარგლებში;

ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2.36 მილიარდ ლარს დახარჯავს. აქედან ძირითადი ნაწილი 1.5 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება რეგიონულ ინფრასტრუქტურას, ბიუჯეტის თანახმად, წელს რეგიონებში 241 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, სამინისტრო, რომელიც რეგიონულ პროექტებს წელს ისედაც 241 მილიონით აფინანსებდა, მისი ბიუჯეტიდან 130 მილიონ ლარს დღეს წარდგენილ პროგრამაზე მიმართავს. ამ 130 მილიონ ლარს კი ნაშთიდან მობილიზებული 90 მილიონი ლარიც დაემატება.

თავად იმ პროექტებს, შორის რომლებიც წელს რეგიონებში უნდა განხორციელდეს, ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებულია, სწორედ ამიტომ განაცხადეს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, რომ დონორებთან სხვადასხვა პროექტის რეპროგრამირებაზე უნდა შედგეს შეთანხმება.

“ხელშეკრულებები დამტკიცებულია, რომლის რეპროგრამირება მოხდება და ამ მიმართულებით მიმართვა. აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებითი ვალის აღებაზე, ხოლო საბიუჯეტო ნაწილში საუბარი არ არის  საბიუჯეტო დეფიციტის დამატებით გაზრდაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

რამდენიმე წელზე განსაზღვრული პროგრამის ბიუჯეტის აღწერა ასეთია - "პროგრამის მთლიანი საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 (ხუთასი) მილიონი ლარის ფარგლებში, მათ შორის, შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 150 (ას ორმოცდაათი) მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – საორიენტაციოდ, 350 (სამას ორმოცდაათი) მილიონი ლარი".

პროგრამის კოორდინაციისთვის დღესვე ახალი სამთავრობო კომისია - „განახლებული რეგიონების განმახორციელებელი კომისია” შეიქმნა, რომლის წევრებიც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები აჭარის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პირები იქნებიან.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებისთვის მიიმართება პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები