მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულებას ზრდის იმპორტი და PPA ხელშეკრულებების მქონე ობიექტებიც - ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

კომპანია ET SYNERGY-ის დამფუძნებელი, მერაბ ლომინაძე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ტენდენციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შესასყიდ ელექტროენერგიაზე ფასის მატება როგორც იმპორტის, ისე ადგილობრივი გენერაციის გამო იზრდება.

ლომინაძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება შეისყიდოს ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ზრდის საშუალო შეწონილ ფასს კვალიფიციური მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის.

"არსებულ ვითარებაში ტარიფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულებაა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება როგორც იმპორტის, ისე ადგილობრივი გენერაციის კუთხით. ზრდას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყანაში PPA ხელშეკრულებები, ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილის მატება, რომლის შესყიდვის ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს აღებული. ჯამურად, ეს ქმნის სურათს, სადაც ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი შესასყიდი ფასი კომპანიებისა და კვალიფიციური მომხმარებლებისთვის იზრდება, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება როგორც ინფლაციაზე, ისე ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე", - ამბობს ლომინაძე.

სტატისტიკა აჩვენებს, 2025 წელს საქართველოში ჯამში 14.8 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა. აქედან ადგილობრივად გამომუშავებული 13.8 მლრდ კვტ.სთ იყო. 2.7 მლრდ კვტ.სთ თბოსადგურებმა გამოიმუშავეს, ხოლო ჰესების გამომუშავებამ 11 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო ქვეყანას არ გააჩნია.

სისტემაში მცირე ქარის და მზის სადგურებიც გვაქვს, თუმცა მათი გამომუშავება უმნიშვნელოა. საქართველოში ძირითადად სეზონური ან მცირე ჰესები აქვს, შესაბამისად ელექტროენერგიის სიჭარბე გაზაფხულზე და ზაფხულშია, დანარჩენ თვეებში მოთხოვნა იმპორტით ბალანსდება.

ლომინაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ისეთი ჰესების მშენებლობა უნდა წაახალისოს, რომლებიც ელექტროენერგიას შემოდგომა-ზამთრის თვეებში გამოიმუშავებენ, ანუ მაშინ, როცა დენი რეალურად გვჭირდება.

"ჩვენ გვჭირდება ისეთი ობიექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას დაეხმარება იმ სეზონურ პერიოდებში, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის ისტორიული დეფიციტია. არ უნდა მივიღოთ ჭარბი გენერაცია მაშინ, როცა წყალუხვობის გამო რესურსი ისედაც საკმარისია და როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ასეთ დროს წყლის დაღვრაც კი გვიწევს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტია სწორი სტრატეგიის შემუშავება მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა გზით მივდივართ და კონკრეტულად რა ტიპის გენერაციის ობიექტები გვჭირდება", - გვეუბნება ლომინაძე.

შარშან საქართველომ 300 მლნ კვტ.სთ-ით მეტი, ჯამში 1.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ძირითადად რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ აქ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ნაყიდიც შედის.

ვრცლად თემაზე: რა აძვირებს ელექტროენერგიას საქართველოში და როგორ აისახება ეს ინფლაციაზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები