მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება არ იგეგმება - ლევან რაზმაძე

636a164dd5d4c
ინგა მურუსიძე
08.11.22 13:40
478
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის პირობების გამარტივება ან სხვა შეღავათები არ იგეგმება.

საქმე ის არის, რომ უკვე არაერთი წელია ქართული ბიზნესის ნაწილი, უცხოურ კომპანიებთან შედარებით, ტენდერებში გარკვეული შეღავათებით სარგებლობას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა ლევან სილაგავამ შესყიდვების სააგენტოს მენეჯმენტთან შეხვედრაზე დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.

„ევროპასთან ჩვენი დაახლოების ერთ-ერთ კრიტერიუმად შეგვიძლია ამ საკითხის შეჩერებაც ვთქვათ. რაც მეტად ვუახლოვდებით ევროინტეგრაციას, ეს საკითხი მეტად აქტუალურია. ვინაიდან მათი კანონმდებლობა პრეფერენციებს არ იცნობს; ქართულ სინამდვილეშიც პრეფერენციების გათვალისწინება ვერ მოხდება. ყველას მოუწევს, ტენდერებში მონაწილეობა კონკურენტუნარიან გარემოში მიიღოს, თუმცა სახელმწიფოს სხვა შესაძლებლობები აქვს, მაგალითად, სუბსიდირებები კეთდება, უამრავი პროგრამაა ბიზნესის მხარდაჭერის და ამით შესაძლებლობა იქმნება, რომ ქართულ ბიზნესს დაეხმაროს“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

კითხვაზე, რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი ევრორეგულაციების დაკმაყოფილებისთვის, ლევან რაზმაძე პასუხობს, რომ "ვინც მზად იქნება, მისთვის გზა ხსნილია".

„რაიმე განსხვავებული ევროკავშირის რეგულაციებისგან ქართული ბიზნესისთვის არ იქნება. მათ მოუწევთ კონკურენტუნარიან გარემოში ყოფნა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ვართ მზად, ყველა მზად ვერ იქნება; ბიზნესი განსხვავდება, არსებობს მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი. ვინც მზად იქნება, მისთვის გზა ხსნილია, იმას ბანკის მხარდაჭერაც ექნება და ა.შ.“, - აღნიშნა რაზმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები