„საქართველოსთვის გაიხსნა ახალი შესაძლებლობის ბაზარი, რომელიც მაღალი მსყიდველთუნარიანობითა და დიდი მასშტაბებით გამოირჩევა“,- ამის შესახებ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ 27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ურთიერთთანამშრომლობის ამ თანხმობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
ცირდავას ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველზე იმპორტის 5%-იანი გადასახადის მოხსნა და საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გატანაც იგულისხმება.
„ეს შეთანხმება ჩვენთვის თავისთავად დიდი მიღწევაცაა და დიდი გამოწვევაც. აქ საუბარია იმპორტის 5%-იანი გადასახადის მოხსნაზე. შეთანხმების საფუძველზე ისეთი პროდუქციის გატანა იგეგმება, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი და ა.შ. ანუ საუბარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ძალიან დიდ ნაწილზე. იმპორტის გადასახადის მოხსნა საქართველოს უფრო კარგ, კონკურენტულ პირობებში აყენებს, იგივე თურქეთთან.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ინტეგრაცია წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესს კიდევ მეტად წაახალისებს მიღწეული შეთანხმების ამოქმედება და სავაჭრო ურთიერთობების ახალი ფაზა. თუმცა, ეს არ არის მოლოდინი, რომელსაც ერთ კვირაში ან ერთ წელში უნდა ველოდოთ. შედეგების დანახვა გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი, როცა ვაჭრობის დინამიკა გამოჩნდება.
ამასთან, ამ შეთანხმების გამოყენება დამოკიდებული იქნება ქართული კომპანიების ადაპტირებაზე, ახალ სტანდარტებსა და კონკრეტულ გარემოზე, რადგან აქ არის გარკვეული ლოგისტიკის საკითხები, რომელიც საჭიროებს გარკვეულწილად დარეგულირებას, ლოგისტიკური კომპანიების ჩართულობას. ვინაიდან ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, საუდის არაბეთის მხრიდან მოჰყვა აქტივობა, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია. ანუ, ფაქტობრივად ქართულ კომპანიებს ფანჯარას გაუხსნის, სხვა დანარჩენ ქვეყნებთანაც. საუდის არაბეთიც საკმაოდ დიდი ბაზარია. ამას დაემატება კატარი, ქუვეითი, ომანი, ბაჰრეინი“,- აცხადებს ცირდავა.
მისივე შეფასებით, პირველი შემთხვევა იქნება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის მასშტაბური სახით გატანა მოხდება. ამასთან, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საქართველოს მიმართ გამოხატულ დიდ ინტერესზე საუბრობს. მათ შორის საქართველოში ბიზნესის კეთების პერსპექტივებსა და ინვესტირების კუთხითაც.