მთავრობამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მხრიდან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ გაერთიანების დირექტორმა არტურ ლორკოვკიმ BMG-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლორკოვსკი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ვიცე პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნის საკითხი იყო, რაც საქართველოსთვის გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულების ნაწილია.
გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთი და იგივე პირი არ ახორციელებდეს სახელმწიფო ელექტროსისტემის და მსხვილი გენერაციის ობიექტების კონტროლს. ერთ წელზე მეტია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ მოკვლევა დაიწყო საქართველოს მიერ განცალკევების ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რაც სწორედ ელექტროენერგეტიკული სისტემის არასათანადო განცალკევებას უკავშირდებოდა.სამდივნოს პოზიციაა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი პირის მიერ, რომელიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად უკვე მომზადებულია ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას. შედეგად კი ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები ერთმანეთისგან განცალკევდება.
არტურ ლორკოვსკიმ რედაქტ2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ელექტროსისტემის განცალკევების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დარღვევის პროცედურის შეწყვეტისთვის საქართველომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაატაროს და ის მოთხოვნები შეასრულოს, რაც ევროკავშირის სტანდარტია.
“ენერგეტიკული გაერთიანების ძირითადი მოთხოვნა საქართველოს მიმართ გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულების შესრულებას გულისხმობს და მიხარია, რომ ამ მიმართულებით შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ სრულად ლიბერალიზებული იყოს ბაზარი ქვეყანაში და ეს არის ევროკავშირი წევრ ქვეყნებში არსებული მოდელი. როდესაც ვსაუბრობთ განცალკევების ვალდებულებაზე, ვგულისხმობთ, რომ ჩვენ უნდა გავყოთ გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომპანია, რომელიც ოპერირებს გაზის თუ ელექტროენერგეტიკის სექტორში.
ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ეს არის ოქროს წესი, სტანდარტი ევროკავშირისთვის და ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობების განცალკევება. ამიტომ არის ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი მთავრობის რომელი მხარე იქნება პასუხისმგებელი გადამცემის სისტემის ზედამხედველობაზე და რომელი გენერაციის მიმართულებით. ეს განცალკევება უნდა იყოს ეფექტური, არ უნდა ხდებოდეს კომპეტენციების ერთმანეთთან გადაფარვა. ამას სჭირდება კანონმდებლობის მიღება მთავრობის მიერ. ჩვენ ახლა ვართ პროცესში, რომ საქართველომ საკანონმდებლო ცვლილებეი მიიღოს.
კანონის მიღება არის წინაპირობა, რომ წინ წავიწიოთ. სამდივნომ უკვე დაიწყო დარღვევის პროცედურა, რათა ეს იყო შესრულებული ვალდებულება. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს როლი არის შეამოწმოს ვალდებულებას ასრულებს თუ არა საქართველო და თუ არ ასრულებს უნდა დაიწყოს პროცედურა. ეს პროცედურა დაწყებულია და გახსნილია, მაგრამ ეს არ არის იმისთვის, რომ რაიმე გავართულოთ, ეს არის კონსულტაციის და მედიაციის პროცესი. ჩვენი ამოცანა არ არის საქართველოს სანქცირება და დასჯა, რამედ გადაწყვეტის მოძიება, რომელიც მისაღები იქნება სამდივნოსთვის.
მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტა ვიპოვეთ და ახლა ვართ პროცესში, როცა ამის განხორციელებაზე გადავდივართ, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მარეგულირებელი უწყების მიერ, რომელიც საშუალებას მისცემს სამდივნოს შეწყვიტოს დარღვევის პროცედურა“,-განაცხადა არტურ ლორკოვსკიმ.