"ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ "მსოფლიო ბანკთან" არის კომუნიკაცია უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხზე. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, BMG-ის დაინტერესდა, რამდენად შეთანხმებულია უმაღლესი განათლების კონცეფცია "მსოფლიო ბანკთან", რომელიც წლებია ქვეყანას განათლების რეფორმაში ეხმარება, "ოცნების" მიერ გატარებულ ცვლილებებზე, რაზეც მინისტრი ასე პასუხობს:
"ალბათ, მსოფლიო ბანკს უნდა ჰკითხოთ [რას ფიქრობენ], მოსწონთ-არ მოსწონთ. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში, მათთვის ყველა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან მიწოდებულია. ჩვენ ვართ პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი, გვაქვს ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ კვლევაზე, ფაქტებზე და შედეგებზე", - განაცხადა მიქანაძემ.
"მსოფლიო ბანკი" წლებია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირებას. განათლების მხარდასაჭერად, დღესდღეობით მსოფლიო ბანკი საქართველოში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს. ესენია: ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი (I2Q) და ადამიანური კაპიტალის პროგრამა. ეს უკანასკნელი, განათლებასთან ერთად, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომპონენტებსაც მოიცავს.
ადამიანური კაპიტალის პროგრამა 2022 წელს დაიწყო. მის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.




























