"შეუძლებელია, ამდენი უსამართლობა მორალურ ადამიანში პროტესტს არ იწვევდეს" - ასე ეხმაურება ბიზნესმენი რესან ქიქავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე.
ის თორნიკე რიჟვაძის ინციდენტს შოკის მომგვრელს ეძახის და ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთ ახალგაზრდას ცრუ ვიდეო კადრების გავრცელებით მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ამიტომ თვლის რესან ქიქავა, რომ ამდენი უსამართლობა იწვევს "მორალურ ადამიანებში" პროტესტს, რაც მხოლოდ რუსთაველზე გამოსვლითა და პროტესტით არ გამოიხატება.
"რა სცენარიც არ უნდა წარმოვიდგინოთ თორნიკე რიჟვაძის ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე მის გარშემო დაფიქსირებული შემდგომი კომენტარების გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში და მრავალმხრივ, ეს იყო საგანგაშო და შოკის მომგვრელი ფაქტი, რაც იმედი მაქვს ამ განუკითხაობის და უსამართლო გარემოს მომხრეების რაღაც ნაწილს მაინც დააფიქრებს. ახალგაზრდა კაცს გამოჯანმრთელებას და მის ახლობლებს (ოღონდ მართლა ახლობლებს) გამძლეობას ვუსურვებ.
მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ ახალგაზრდას, კიდევ ერთი დამონტაჟებული, ცრუ ვიდეო-კადრების გავრცელების თანხლებით, მაშინ როდესაც დემონსტრანტებზე, საპოლიციო, თუ სამოქალაქო ძალადობის არცერთი ფაქტი კვლავაც გამოძიებული არ არის. შეუძლებელია, ამდენი უსამართლობა მორალურ ადამიანში პროტესტს არ იწვევდეს.
დანარჩენებს გირჩევთ, რუსთაველზე მდგომი სამოქალაქო ჯარისკაცების რაოდენობით არ დაგვთვალოთ", - განმარავს ქიქავა.
ბიზნესმენი არჩევნების ჩატარება - არ ჩატარების საკითხსაც ეხება და წერს:
"არჩევნებს რაც შეეხება. რუსულ სახელმწიფოში არჩევნები არ ტარდება და ხელისუფლება არჩევნების გზით არ იცვლება. შეუძლებელია მაგალითად “გადაირჩიო" პუტინი, ან ლუკაშენკო, ან კადიროვი.ჯერ რუსეთმა საცეცი უნდა გაუშვას საქართველოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცვლილების მომტანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი ამ ქვეყანაში.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა რუსულ “არჩევნებში” მონაწილეობა არ უნდა მიიღონ?
წინა “არჩევნების" და შესაბამისად, ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ მოახდინა მსოფლიოს არცერთმა განვითარებულმა სახელმწიფომ, ქართული პროტესტის ფონზე. თუ “არჩევნებში” მონაწილეობა ლეგიტიმაციის უარყოფის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ვფიქრობ, რომ არა, არ უნდა მიიღონ.
მაგრამ თუ ეს ყველასთვის ცხადი და ყველასთან შეთანხმებული იქნება, რომ ამ “არჩევნებში” მონაწილეობა, არ ნიშნავს არანაირი ფორმით ლეგიტიმაციას, მაშინ დიახ, ეს პროცესი იქნება სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელოვანი დამატებითი პლატფორმა.
არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე და ხმის მიცემის პროცესი. ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოქალაქეებთან სისტემური მუშაობის და არსებული რეალობის ლუსტრირების, კრისტალიზაციის შესაძლებლობა. ეს პროცესი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, მისი კონსოლიდაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს რესან ქიქავა და დასძენს: "შეიძლება რამეში, ან ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია. და მცდარ პოზიციაზე უარესი, პოზიციის არქონაა. დაფიქრდით ამაზე".




























