ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 17 თებერვალს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა გაიმართება. მთავარი თემა გაზსადენის დაზიანებაა, რის გამოც 150 ათასი აბონენტი ზამთარში გაზმომარაგების გარეშე დარჩა. სემეკში გამართულ სხდომაზე იმსჯელებენ რამდენად დროულად მიაწოდა კომპანიამ მომხმარებელს ინფორმაცია და რა სამუშაოები ჩაატარა ავარიის დროულად აღმოსაფხვრელად.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაზსადენს პრობლემები სავარაუდოდ, „მესამე პირის“ ჩარევის გამო შეექმნა. სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების შემდეგ გაზმომარაგება ბოლომდე ჯერ ისევ არ აღმდგარა.
კითხვაზე, აქვთ თუ არა მომხმარებლებს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი განმარტავს, რომ ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დაზიანების რეალური მიზეზები გაირკვევა.
„საქმიანი დილის“ ეთერში გულეიშვილმა აქცენტი აბონენტებთან კომუნიკაციის პრობლემებზე გაამახვილა და განაცხადა, არასათანადო კავშირის გამო მომხმარებლები საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდნენ.
„პირველ რიგში, მიზეზის დადგენაზე უნდა გავიდეთ, გავიგოთ გამომწვევი მიზეზი და ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საკითხი როგორც კომპანიის პასუხისმგებლობის, ისე მომხმარებლებისთვის კომპენსაციისა. ეს ინდივიდუალურად უნდა განიხილოს, ასე ცალსახად რომ 150 ათასს აბონენტისთვის ერთბაშად რამის გადახდა მოხდეს, ალბათ ძალიან რთულია და ვერ განხორციელდება. ინდივიდუალური შემთხვევები ალბათ შეიძლება განვიხილოთ. ველოდებით დამატებით დეტალებს.
მთავარი თემა ჩვენი მხრიდან იქნება კომუნიკაციის საკითხი, ეს პრობლემა ძალიან თვალშისაცემი იყო. ერთია რომ შემთხვევა მოხდა და მომხმარებელი ამას გაგებით ეკიდება და მეორეა რომ ვერავის ვუკავშირდები ამბის გასაგებად.
საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდა მომხმარებელი და ამ კუთხით უკეთესი მუშაობა კარგი იქნებოდა. ჩვენ ჩვენი ქსელის საშუალებით ვაწვდიდით ინფორმაციას სად რა პრობლემა იყო და მომხმარებლები ამბობდნენ, რომ კომპანიასთან კავშირზე ვერ გადიოდნენ,“ - განაცხადა გულიაშვილმა.