მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შევამჩნიე, რომ საქართველოში დებატები უფრო პიროვნებების გარშემო ტრიალებს, ვიდრე პოლიტიკური პროგრამების"

63d7579c3e14d
თამთა ჯიჯავაძე
30.01.23 10:20
717
„შევამჩნიე, რომ საქართველოში მიმდინარე დებატები უფრო პიროვნებების გარშემო ტრიალებს, ვიდრე პოლიტიკური პროგრამების შესახებ, რაც უხეშ რიტორიკასა და არასაჭირო პოლარიზაციას იწვევს”, - ამის შესახებ ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატის თქმით, საქართველოს შემდგომი განვითარების კუთხით, ის რამდენიმე გამოწვევას ხედავს:

„მდგრადი დემოკრატიის ისეთი საბაზისო სფეროების რეფორმები, როგორიცაა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო, უმცირესობათა, მათ შორის სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა, სამწუხაროდ, შენელებულია. ესაა ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც საზოგადოების ნდობას აყალიბებს მთავრობისა და ინსტიტუტების მიმართ, გრძელვადიანად კი ქმნის ძლიერ და მედეგ დემოკრატიულ საზოგადოებას“, - ამბობს დიპლომატი და დასძენს, რომ ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ინსტიტუტების საქმიანობას დადებითად აფასებს.

როგორც ის აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პანდემიური შეზღუდვების შემდეგ შთამბეჭდავად გამოიყურება. „ეროვნულმა ბანკმა კარგად გაართვა თავი რუსეთის მიერ უკრაინაში ხელახლა შეჭრით შექმნილ ურთულეს ეკონომიკურ რეალობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს კარგი ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ამავდროულად, მყარი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ბევრი ქართველი კვლავ განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის მზარდ ინფლაციას და კერძო სექტორის მოწყვლადობას. სამომავლოდ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მაკროეკონომიკურ მონაცემებსა და მოსახლეობის გაზრდილ მოწყვლადობას შორის არსებული ნაპრალის შემცირება“, - აღნიშნავს ნორვეგიის ელჩი.
დიპლომატი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონში არსებულ პოზიციას:

„საქართველოს აქვს პორტები შავ ზღვაზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურაში დაბანდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა და უნდა გაგრძელდეს. საქართველომ უნდა გააძლიეროს მწვანე ენერგიის პროექტების განხორციელება, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს ყოველივე, გაძლიერებულ რეგიონულ ვაჭრობასთან და გაზრდილ ფიზიკურ კავშირთან ერთად, მათ შორის შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მეშვეობით, საქართველოსთვის მიმზიდველ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნიდა. გაძლიერდებოდა საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის როლი სამხრეთ კავკასიისთვის, შუა აზიისთვის და უფრო ფართოდ. თუ საქართველო მის ორივე მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩართავს ამ ძალისხმევაში, ეს საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ინკლუზიური პოლიტიკა ჰქონდეს“, - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები