მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევეცადეთ, ძალიან კონსტრუქციულად გავსაუბრებოდით საგარეო საქმეთა სამინისტროს" - ცაგარეიშვილი გადამზიდავების აქციაზე

პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ გადამზიდავების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ცაგარეიშვილის თქმით, დიალოგი კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მხარეები ცდილობენ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას.

„ჩვენ შევეცადეთ, ძალიან კონსტრუქციულად - შეიძლება ითქვას, აკადემიურადაც გავსაუბრებოდით საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათი მხრიდანაც იყო შემხვედრი ნაბიჯები. ვვარაუდობთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ამავდროულად, ჩვენ ავსახავთ პრობლემურ ნაწილს და შევთავაზებთ გადაწყვეტის გზასაც, რომელიც შესაძლოა სამინისტროსთვის მისაღები არ იყოს, თუმცა ჩვენს შესაძლებლობებში მაქსიმალურად გავაკეთებთ ამას,“ - აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, არსებული ვითარება დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან, რამაც ქართველი მძღოლებისა და გადამზიდავების საქმიანობა მნიშვნელოვნად გაართულა.

„დღესდღეობით, რუსეთის სივრცეში ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა დაგროვილი, რომლებსაც ჩაეხერგათ გზა ევროკავშირის მიმართულებით. ფაქტობრივად, ეს სატრანსპორტო საშუალებები გამოუყენებელია რუსეთის სივრცეში. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები ხშირად შავი ბიზნესის მფლობელი პიროვნებების არის: იქ გუბერნატორის, მოადგილის და ასე შემდეგ. ბუნებრივია, მათ სურთ რაღაც ირიბი ზემოქმედების ბერკეტებით ეს სატრანსპორტო საშუალებები ჩართონ გადაზიდვის მიმართულებით,“ — განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, რუსეთს ბიუჯეტის შევსების მხრივ ფინანსური სირთულეები აქვს, რის გამოც შესაძლოა ქვეყნის ხელისუფლება ტვირთების აღრიცხვისა და დღგ-ის კონტროლის გამკაცრებით ცდილობდეს დამატებითი ბერკეტების მოპოვებას.

„არ არის გამორიცხული, რომ ქართველ გადამზიდავებზე დაწესებული შეზღუდვები სწორედ ამ ეკონომიკური ინტერესებით იყოს გამოწვეული“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია. შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო. მიზეზად სავიზო რეჟიმის დარღვევა დაასახელა და ახალი წესების მიხედვით, მძღოლებს რუსეთში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეუმცირდათ, რაც მათ მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები