საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორის გადასარჩენად საჭიროა, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ოპერატიულად შეაფასებს ვითარებას და მოკლევადიან სამოქმედო გეგმას მოამზადებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა იყო.
აღსანიშნავია, რომ ია თაბაგარმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ტურიზმის ბიზნესში - როგორი იყო ზამთრის სეზონი, როგორია ზაფხულისთვის ჯავშნები და რომელი ქვეყნებიდან ელიან ტურისტებს. კითხვებს გიდებმა, ჰოტელიერებმა და ტუროპერატორებმა უპასუხეს - ჯამში 70-მდე კომენტარი დაგროვდა. ინდუსტრიის დიდი ნაწილი ზამთრის სეზონით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, თუმცა მიუხედავად ზაფხულის იმედიანი მოლოდინისა, აშკარად ჭარბობდა წუხილი არაპროგნოზირებად გარემოზე - გაურკვევლობა კი, ძირითადად, სწორედ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტითაა გამოწვეული.
„პირველ რიგში, დავსვამდი ჭკვიან ადამიანებს და შევქმნიდი ანტიკრიზისულ გუნდს, რომელიც [შეაფასებდა არსებულ მდგომარეობას]. უნდა შეიქმნას მოკლევადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე, რომელსაც უნდა მიჰყვეს სამოქმედო გეგმა - მაქსიმალურად როგორ „გამოვწუროთ“ ტურისტები და [საიდან ჩამოვიყვანოთ]“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე და თან აღნიშნავს, რომ ირან-ისრაელის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ არც ეკონომიკის სამინისტროდან და არც უშუალოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციას არავინ დაკავშირებია.
ამასთან, როგორც ია თაბაგრმა აღნიშნა, ვიზიტორთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ბიზნესს სრულყოფილი ანალიზის საშუალებას არ აძლევს, რაც საჭიროა მათ შორის მოკლევადიანი მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად.
საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არა - თვეში ერთხელ, არამედ კვარტალში ერთხელ აქვეყნებს.
„ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემები. 2 აპრილია და მართლა ცნობისმოყვარეობა მკლავს, ვიცოდე მარტში რამდენი უცხოელი ესტუმრა ქვეყანას და რომელი ქვეყნებიდან“, - აღნიშნა მან.
ია თაბაგარი ასევე მიუთითებს ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის შემცირების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მისი თქმით, სასტუმროები და რესტორნები „სულს ღაფავენ“.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე პირველი არაა, ვინც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, ტურიზმის სექტორში შექმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ კერძო და საჯარო სექტორის კოორდინაციის და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს. „დროა, ერთად მოქმედების“, - მიმართა „წერტილიდან“ მთავრობის ტურიზმის გუნდს „საქართველოს სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა მარტის დასაწყისში.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ტურიზმში დასაქმებულია დაახლოებით 300,000 ადამიანი, რაც ქვეყნის მომუშავე მოსახლეობის თითქმის 20%-ია. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ სასტუმროების პრობლემა – ეს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხია.
რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ? - ვკითხეთ „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელს, რაზედაც ასეთი პასუხები მივიღეთ:
- კერძო და საჯარო სექტორის კოორდინაცია: დროა, ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ ბიზნესთან ერთად შეიმუშაონ მოკლევადიანი "კრიზისული გეგმა".
- მონაცემების შეგროვება: უნდა მოხდეს ყველა ტურისტული კომპანიის „ფიდბექის“ ანალიზი – რას ამბობენ პარტნიორები ჩინეთში, ინდოეთში თუ ევროპაში? აპირებენ თუ არა ისინი ჯავშნების შენარჩუნებას და ა.შ.
- ფრენების დივერსიფიკაცია: იმ თვითმფრინავების რესურსი, რომლებიც ისრაელისა და დუბაის მიმართულებით ვეღარ დაფრინავენ, შეიძლება გადამისამართდეს აზიის სხვა პერსპექტიულ წერტილებში.
„როგორ შევავსოთ ქვეყანა [ტურისტებით] - ახლა ეს არის მთავარი... პირდაპირი გაგებით, ამ წუთს ტურიზმის ინდუსტრია ფორსმაჟორში შევედით“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი.




























