მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს - კობახიძე გომელაურზე

გომელაური კობახიძე

შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შს სამინისტროდან ვახტანგ გომელაურის გაცილებასა და ახალი მინისტრის გელა გელაძის წარდგენის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გომელაურის გადადგომა საწყენი გადაწყვეტილება იყო "არა მარტო იმის გამო, რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ყველას მასთან გვაკავშირებდა, უფრო სწორად გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები".

თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება.

"აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მას მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მადლობა კიდევ ერთხელ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სამინისტროს ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შეხვედრით და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. შინაგანს საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება.ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მისი ეს დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც გადავუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახლდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი - ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ უწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს. მარტო ბოლო ოთხი წლის გახსენება რად ღირს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდაც გვითხრეს, რომ იყო ოთხი მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალათ არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, სწორედ ბატონი ვახტანგის და თქვენი დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ პრობლემების თავიდან აცილება და სახელმწიფომ მოახერხა რაც მთავარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგს.

თავის მხრივ გომელაურმა "ოცნების" გუნდს, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ასევე ჩვენს გუნდს გვერდში დგომისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ ათი წელი ცოტა არ არის, ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მით უმეტეს ბოლო, რა მოვლენებიც განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა. ასეთი ბრძოლები რუსთაველზე არ გვქონია, 90-იანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ, თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის, მე მარტო ვერ გავაკეთებდი თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული რიგითიდან დაწყებული დამთავრებული თქვენით, მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები