მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები სასმელ წყალზე და გაზრდილი ფასები - ტუნისი 5-წლიან გვალვას ებრძვის

ტუნისი

ტუნისი უკვე მეხუთე წელია, მწვავე გვალვას ებრძვის - ქვეყანაში სასმელი წყლის ღირებულება 16%-ით გაიზარდა. როგორც ადგილობრივი მედია განმარტავს, ცვლილება განსაკუთრებულად შეეხებათ ტურისტულ დაწესებულებებს, ასევე მათ, ვინც ყველა დიდი ოდენობით წყალს მოიხმარს. მცირე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი სასმელ წყალზე ფასი უცვლელი რჩება.

კერძოდ, მათთვის, ვინც 40 კუბურ მეტრ წყალზე მეტს მოიხმარს, მისი ღირებულება 12%-ით, ხოლო მათთვის, ვინც 70-დან 100-მდე კუბურ მეტრ წყალს მოიხმარენ - 13.7%-ით - გაიზრდება. 16%-იანი ზრდა კი ტურისტულ დაწესებულებებსა და იმ პირებზე გავრცელდება, ვინც 150 კუბურ მეტრ წყალს მოიხმარენ.

სასმელ წყალზე ტარიფის მატება ტუნისის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნალექი პირველად მოვიდა, ქვეყნის კაშხლების მოცულობა კი 35%-მდე შეივსო, რაც სასმელი წყლის დეფიციტის გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტუნისის წყლის მარაგი ქვეყანაში მოსული ნალექის ოდენობაზე პირდაპირაა დამოკიდებული, რის გამოც ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებისადმი. გლობალურ რეგიონებს შორის კი ამ გამოწვევის წინაშე ყველაზე მძლავრად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა დგანან.

გასული წლის მარტში ტუნისის მთავრობამ წყალზე კვოტირების სისტემა დააწესა, აიკრძალა სასმელი წყლის გამოყენება სოფლის მეურნეობაშიც, ავტომობილებისა და ქუჩების გასარეცხად და მწვანე საფარის მოსარწყავად - ამ შეზღუდვის დარღვევა თავისუფლების 6 თვემდე აღკვეთით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები