მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვებს უცხოელი სტუმრები უფრო გაგებით ეკიდებიან, ვიდრე - ქართველები - Paragraph-ის მენეჯერი

6181371531ae1
ინგა მურუსიძე
06.11.21 21:00
1007
Paragraph Shekvetil-ის მენეჯმენტის შეფასებით, სასტუმროში დატვირთულობის კოეფიციენტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა, თუმცა როგორც BM.GE-ს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე შარიქაძე უყვება, covid-პანდემიის გამო არსებული სხვადასხვა შეზღუდვა სტუმრებს, ბუნებრივია, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.

„სტუმრისთვის, რომელიც მწვანე სივრცეში ზის და ისვენებს ან ოჯახთან ერთად ვახშმობს, ძალიან რთული ასახსნელია, რომ ვახშამი უნდა დაასრულონ და ნომრებში დაბრუნდნენ. ამის ახსნა ძალიან რთულია და ზოგიერთ სტუმარში ეს გაღიზიანებას იწვევს. არ ესმით, ფიქრობენ, რომ რადგან ქალაქში არ არიან, ამის გამო რეგულაცია არ ეხებათ. ვუხსნით, რომ ეს არის რეგულაცია, რომელიც შეიძლება ჩვენთვისაც რთული იყოს, თუმცა უნდა შევასრულოთ და ა.შ.“, - ამბობს ელენე შარიქაძე.

სასტუმროს მენეჯერი bm.ge-სთან ღიად ამბობს, რომ არის პრეცედენტები, როცა სტუმრები სუფრას ნომრებში შლიან და იქ აგრძელებენ შეკრებას, თუმცა ამის აღკვეთა ხდება.

„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა შეიკრიბნენ ერთ ოთახში მის აივანზე; მეზობელ ოთახში შეწუხდა სტუმარი და დაგვირეკეს. ჩვენ გვიწევს ასვლა, ახსნა, რომ ეს არ შეიძლება. საბედნიეროდ, არ გვაქვს შემთხვევები, როცა სტუმარი არ გვემორჩილება“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ covid-შეზღუდვების გამო, ბუნებრივია, დისკომფორტი ექმნება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმარს, თუმცა ქართველები მეტად უკმაყოფილოები არიან.

„ბუნებრივია, covid-რეგულაციები დისკომფორტს ყველას უქმნის, მაგრამ ქართველების გვიკვირს - მათ მეტად იციან წესები და ამ რეგულაციების დაცვის მოთხოვნა ჩვენგან არ უნდა უკვირდეთ. უცხოელი სტუმრებისგან უარყოფითი კომენტარები ნაკლებად არის, თუმცა არის შემთხვევები როცა გვადარებენ სხვა ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთს. ამბობენ, რომ იქ პირბადეს ნაკლებად აკონტროლებენ და აქ - კი. მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს უცხოელი სტუმრები უფრო გაგებით ეკიდებიან, ვიდრე - ქართველები“, - ამბობს ელენე შარიქაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები