მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვის მოსხნის მიზანია თავად რუსულმა ავიაკომპანიებმა იფრინონ საქართველოში - ირაკლი ნასიძე

645b8eb9f36e3
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 16:00
885
დღეიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება. პუტინის ბრძანება, რომელიც დღევანდელი თარიღით არის გამოცემული ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

2019 წლის ზაფხულიდან, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

საქართველოში სამოქალაქო ფრენების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ასევე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე ამბობს, რომ მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისცემს თუ არა საშუალებას რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში იფრინონ. თავის მხრივ რუსული საავიაციო სექტორი ომის დაწყებისთანავე დასანქცირდა. რუსეთს საჰაერო სივრცე ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა სრულად ჩაუკეტა, რის გამოც რუსული ავიაკომპანიები წელიწადზე მეტია ევროკავშირში ფრენებზე ვეღარ ასრულებენ.

“რუსულ ავიაკომპანიებს სავარაუდოდ, იმ პროცედურების გავლა მოუწევთ, რაც სხვა ავიაკომპანიებს უწევთ ხოლმე. საუბარია ფრენის დაწყებისა და სიხშირეები განაცხადზე და სხვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სადაც ამ დოკუმენტებს წარადგენენ, არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ დოკუმენტები წესრიგში იქნება მათ ფრენების ნებართვას მისცემენ. ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რასაც სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო მაგალითად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები შეასრულებენ. რუსული ავიაკომპანიები ბევრ ქვეყანაში სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ვერ დაფრინავენ და სანქცირებულები არიან. თუ “მოპარული თვითმფრინავები” ჩამოვლენ ისინი აუცილებლად უნდა იქნან “დაპატიმრებული” და გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვიმეორებ, თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რუსული ავიაკომპანიები შეიტანენ ფრენებზე განაცხადს და დაიწყებენ ფრენას”-ამბობს ნასიძე.

ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გამო, რუსულთან ერთად ევროპული სალიზინგო კომპანიებიც დაზარალდნენ, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავების დაბრუნება ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, Boing-მა და Airbus-მა რუსულ კომპანიებს ტექნიკური დახმარება შეუჩერეს. კერძოდ, ისინი რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავის კომპონენტებს აღარ აწვდიან. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა რუსულ კომპანიას სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავების დაშლა უწევს.

“დიდი ხანია, რაც საქართველოს საავიაციო სფერო ევროკავშირის რეგულაციების ნაწილია და ამის დანერგვა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა. ბევრი რეგულაცია გვაქვს ავიაციის სფეროში, რომლებიც ავიაკომპანიების მიერ აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია, მათ შორის რუსული, უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება ფრენების აკრძალვაზე და მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ დაფრინავენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ იმდენი გამართული თვითმფრინავი რომ იმ მიმართულებებით იფრინონ, სადაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ფრენა. ე.წ მოპარული თვითმფინავებით ისინი ვერსად ვერ წავლენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის მიზანი იყო ის, რომ თავად იფრინონ”,-აცხადებს ნასიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები