საქსტატის მონაცემებით 2024 წლის პირველ 5 თვეში გაზრდილია ლუდის იმპორტის მაჩვენებლებიც. წელს 5 თვეში საქართველომ 6.2 მლნ დოლარის ლუდი შეიძინა, რაც წინა წილის მაჩვენებელზე 1.4 მლნ-ით მეტია. თუმცა ამის პარალელურად შემცირება ფიქსირდება ექსპორტის მიმართულებით. ადგილობრივი ლუდის მწარმოებლები ამბობენ, რომ მცირე და საშუალო ზომის წარმოებები ფოკუსს ადგილობრივ ბაზარზე აკეთებენ, სადაც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, მათ ექსპორტისთვის რესურსი აღარ რჩებათ.
“შიდა მოხმარების გაზრდამ გამოიწვია მწარმოებლების მხრიდან ნაკლები მოთხოვნა ექსპორტზე. ქართული შიდა მოხმარების ბაზარი იზრდება ყოველწლიურად, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ჯერ ადგილობრივი მოთხოვნა, შესაბამისად, ნაკლებად გვაქვს აქცენტი ექსპორტზე. არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად ეს იყოს ექსპორტის შემცირების მიზეზი. ქართველი მწარმოებელი ცდილობს ჯერ ადგილობრივი მომხმარებელი დააკმაყოფილოს და შემდგომ იფიქროს ექსპორტზე” - ამბობს გიორგი მარუაშვილი კომპანია Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი.
Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი გამოწვევებზე საუბრისას საერთაშორისო ლოგისტიკას ასახელებს. მისი თქმით, წითელი ზღვის კრიზისის ფონზე ნედლეული მასალის ტრანსპორტირება 20-25%-ით გაძვირდა, რაც ბიზნესისთვის მძიმე წნეხია.
“გამომდინარე იქიდან რომ წითელ ზღვაზე შეფერხებებია, რაც იწვევს ნედლეულის, მასალების დაგვიანებით ჩამოსვლას. დამოკიდებული ვართ ძალიან იმპორტზე თითქმის ყველაფერი შემოგვაქვს. ჭურჭელი, კასრები, ბოთლები ასევე ინგრედიენტებიც, ასე რომ ძალიან დამოკიდებული ვართ ლოგისტიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.
ძირითადი გამოწვევა ლოგისტიკური ხაზების დალაგება, დროული ჩამოსვლა შეკვეთების. ჩინეთიდან შემოგვაქვს მაგალითად ლუდის კასრები, გაძვირდა ტრანსპორტირება და გაიზარდა ჩამოტანის დროც. ვეძებთ სახმელეთო ტრანსპორტირების გზებს, მაგრამ ეს კიდევ უფრო ძვირია, რაც აისახება ჩვენს პროდუქციაზეც. ტრანსპორტირება 20-25%-ით გვაქვს გაძვირებული, მაგრამ ჯერ პირველი ეფექტი არ ჰქონია ამას ფასებზე,”- აცხადებს Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი.