შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ შაყულაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ვინ შეცვლის ყოფილ რწმუნებულს ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ახალი ხელმძღვანელი მალე დაინიშნება.
პროფესიით სამართალმცოდნე და კრიმინოლოგი მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა. გარდა სახელმწიფო სამსახურისა ის 2019 წლიდან „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორია.
2020 წელს ის მცირე პერიოდით გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. 2018-2020 წლებში კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუდ-ში, ანტიკორუფციულ სამსახურში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სუს გენ. ინსპექციაში და კონტრდაზვერვაში), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ – სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. 2018 წლამდე ის სხვადასხვა პერიოდებში თბილისის, გორის და ხაშურის რაიონული პროკურორი იყო.