საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შიდა რუსული რეჟიმი ვერ შეძლებს ქართველი ხალხის დამორჩილებას. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.
"ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ ჩვენი ევროპული გზა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა დავუთმობთ? - არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას" - თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, დღესაც „პროპაგანდა გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი“.
"დღეს ალბათ ყველა სკოლაში უნდა ასწავლიდნენ, რა დღეა დღეს, რა მოხდა მაშინ, ვინ შემოაბიჯა ჩვენს დედაქალაქში. დღესაც პროპაგანდა რომ გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი. ის უნდა გავიხსენოთ და ამას უნდა ასწავლიდნენ სკოლებში, რომ მაშინაც ამას ეუბნებოდა რუსეთის პროპაგანდა, რომ თურმე ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და მათ უნდოდათ ომი და რუსეთს უნდოდა მშვიდობა, მეზობლური ურთიერთობა“, - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბრძოლა "გაზაფხულის ფაზაში გადადის" და დარწმუნებულია, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება.
"მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა ერის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხოელი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს,რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომც და არაფერს არ თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს იმიტომ, რომ დასათმობი არაფერი არ აქვს, ეს არის ღრმა კრიზისი, რომელიც უკვე ოთხი თვეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები.არჩევნები ნიშნავს, რომ როცა კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ როგორ გინდა, შენი ნება რა არის
არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. რა უნდა იყოს გეგმა? მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე:
პირველი, უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები, ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.
მეორე, მოვემზადოთ არჩევნებისთვის ეს ნიშნავს, რომ დღესვე, თუ არა გუშინ, უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ მეორედ ვერავინ ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი ყველასი გასაკეთებელია და დღეს უნდა დავიწყოთ.
მესამე და ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება იმისათვის, რომ გაყალბების ფორმები, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ელექტრონულ არჩევნებს და ბევრ რამეს. ჩვენი პარტნიორები დღეს სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ მანიპულაცია და გაყალბება არჩევნების გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან და შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია.
ამისათვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს, ეს არის ჩვენი ყველასი ერთად გასაკეთებელი.
კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? ამაში ასევე ჩართული ვარ, უნდა შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის. ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორეს მხრივ, ახალი პოლიტიკური პარტიები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან.
პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონი უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სადაც წერია, რომ კორუფცია უნდა დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის არჩევნებიდან პირველ ექვს თვეში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა: “მე სად ვიქნები? - ვიქნები მედიატორი... ვიქნები ლიდერი. ვიქნები იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებით”.




























