დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, რეკორდულად გაზრდილი ნებართვების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, მისი თქმით, მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
როგორც ბურდილაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, დღემდე ქართულ რეალობაში ერთ ბინაზე შინამეურნეობების ზომა (3,5) ევროპულს (2,0) მნიშვნელოვნად აღემატება, მის დაკმაყოფილებას კი 10 მლნ კვ.მ-ის მშენებლობა სჭირდება.
კომპანიის გათვლებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეტაპობრივად მოხდება ამორტიზებული ობიექტების ახლით ჩანაცვლება, რაც ბაზარზე მოთხოვნას დაასტიმულირებს.
„უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ გაცემულ ნებართვებზე 1,9 მლნ მეტრის სამშენებლო ნებართვა გაიცა შარშან, თითქოს ეს რიცხვი დიდად გვეჩვენება, მაგრამ მეორე მხრივ უნდა შევხედოთ პოტენციურ მოთხოვნას. არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ საქართველოში დიდია შინამეურნეობის ზომა. ერთ ბინაზე მოდის 3,5 ადამიანი, რომელსაც ევროპულ მაჩვენებელს თუ შევადარებთ საკმაოდ მაღალია. ევროპაში 2 ადამიანი ცხოვრობს ერთ ბინაში. ამ მაჩვენებელზე რომ ჩამოვიდეთ ჩვენი გათვლებით 10 მლნ კვ.მ უნდა დაემატოს თბილისს. თბილისი ამ მასშტაბს ვერ დაიტევს თუ არ მოხდა ძველის ჩანაცვლება. ეს ძველის ჩანაცვლებად საკმაოდ დიდი მასშტაბისაა.
დღეს ჩვენი გათვლებით არის 15-16 მლნ კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი და ამის დიდი ნაწილი არის ამორტიზებული, ამასაც ხო ჩანაცვლება სჭირდება? შესაბამისად, ჩვენ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იმდენად დიდი მოთხოვნას ვუყურებთ, რომ ეს 1,9 მლნ კვ, რომელიც უნდა აშენდეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამ დიდ მოცულობასთან შედარებით, არაფერი არ არის.
ერთ-ერთი ფაქტორი რაც განაპირობებს მოთხოვნის ზრდას, არის ის, რომ შინამეურნეობების შემოსავლები იზრდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად. დასრულდა ინფლაციასთან ბრძოლაც, შესაბამისად ველოდებით რომ საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს, ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ხელმისაწვდომობის გაზრდას იპოთეკურ სესხებზე. იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა კი გამოიწვევს ისევ და ისევ მოთხოვნის გაზრდას, მათ შორის მეორად ბაზარზე.“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.