„თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები შემცირებულია, ფასების ზრდის გამო ბაზარი იზრდება.
უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გაზრდილია უცხოელი მყიდველების რაოდენობაც, ირაკლი ბურდილაძის შეფასებით, ეს მიანიშნებს, რომ ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატი მიმზიდველია, უძრავი ქონების ბაზარზე კი მოთხოვნა ზრდადი. მისივე თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ დასრულებულ დეველოპერულ პროექტებში ბინების უმრავლესობა გაყიდულია.
“ ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურ მონაცემებში თანხობრივად გაყიდვები იზრდება, რადგან გაიზარდა უძრავ ქონებაზე ფასი. შეიძლება გაყიდული ბინების რაოდენობა შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ იმის გამო, რომ ფასის მატება მოხდა 2023 და 2024 წლებთან შედარებით, ჯამურად ბაზარი გაიზარდა.
გაიზარდა უცხოელი მყიდველების რაოდენობაც. მაგალითად, თუ 2023 წელს ისრაელიდან წამოსული ინვესტორები ყიდულობდნენ თბილისში ჯამურად გაყიდული ბინების 6%-ს, წელს 12%-ზეა ეს მაჩვენებელი ასული.
ასევე, 2023 წელს უცხოელებზე გაყიდული ბინების რაოდენობა თუ იყო 12%, დღეს უკვე 24%-ია, ანუ გაორმაგებულია ბინების რაოდენობა, რომელსაც უცხოელები თბილისში ყიდულობენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი საინვესტიციო კლიმატი არის მისაღები, მიმზიდველი და მოთხოვნა ამ სექტორში არის ჯანსაღი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც უნდა შევხედოთ, არის დასრულებულ კომპლექსებში გაუყიდველი ბინების რაოდენობა.
როდესაც ეს მაჩვენებელი მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ პოტენციურად ქვეყანაში შეიძლება იყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რისკები, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ ქართულ ბაზარს, ვერ დამისახელებთ ვერცერთ დასრულებულ პროექტს, სადაც დეველოპერს დარჩენილი აქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბინები. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ საქართველოში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე არის ჯანსაღი და ზრდადი”,-აცხადებს ირაკლი ბურდილაძე.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 2 მლრდ დოლარის ღირებულების 25,636 ბინა გაიყიდა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
2025 წლის 8 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა. 2% მოდის რუსეთის, ხოლო 12% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.




























