მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შინამეურნეობებს ყველაზე მეტად COVID-19-ის ვაქცინების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი აქვთ

615aeafd6e680
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.21 09:40
462
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ კვლევაში მონაწილე სოფლად და ქალაქად არსებულ შინამეურნეობების წევრებს COVID-19-ის ვაქცინების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი აქვთ.

რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ COVID-19-თან დაკავშირებით ესაჭიროებათ ინფორმაცია, რომელთაგან ყველაზე ხშირად სახელდება: ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ (43.0%); ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების შესახებ (13.8%); ინფორმაცია COVID-19-ის, როგორც დაავადების შესახებ (13.4%); ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ (10.7%); ინფორმაცია პრევენციული ზომების შესახებ (3.9%); ინფორმაცია კარანტინის შესახებ (1.9%); ინფორმაცია სახელმწიფო დახმარებების შესახებ (1.5%); ინფორმაცია ტესტირების შესახებ (1.1%); ინფორმაცია ჰიგიენის დაცვის შესახებ (0.2%); ხოლო არანაირი სახის ინფორმაცია არ ესაჭიროება რესპონდენტთა 42.3%-ს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხვამდე გასული 2 კვირის განმავლობაში შინამეურნეობების 27.3%-ში სამედიცინო მომსახურების მიღება ერთ წევრს მაინც დასჭირდა. აღნიშნული მაჩვენებელი საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 28.1%-ია, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისათვის - 26.3%. იმ შინამეურნეობებიდან, რომლის ერთ წევრს მაინც დასჭირდა სამედიცინო მომსახურების მიღება გამოკითხვამდე გასული 2 კვირის განმავლობაში, 94.9%-მა აღნიშნული მომსახურება მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი საქალაქო ტიპის დასახლებებისათვის 96.9%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისათვის - 91.8%-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევა ასევე ბავშვთა განვითარებასა და ცხოვრების წესზე COVID-19-ის გავლენის შეფასებას ითვალისწინებდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 31.9%, კვირის სამუშაო დღეებში ღამე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იძინებს, 39.9% - ძირითადად ერთსა და იმავე დროს; 15.4% - ხანდახან; 9.7% - იშვიათად; ხოლო 2.2% არასდროს იძინებს ღამე ერთსა და იმავე დროს. 2020 წლის აპრილში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე პერიოდთან შედარებით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 69.9%-ის ძილის გრაფიკი არ შეცვლილა, 19.8%-ის გაუარესდა, ხოლო 7.7%-ის გაუმჯობესდა.

ამასთან, გამოკვლევის თანახმად, გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში 0-17 წლის ასაკის ბავშვების 10.0% დროს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის (ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობები) ეკრანთან 4 საათის და მეტი დროის განმავლობაში ატარებდა; 3-დან 4 საათამდე - 11%; 2-დან 3 საათამდე - 20.7%; 1-დან 2 საათამდე - 31%; 1 საათზე ნაკლებ დროს - 19.7%; ხოლო 5.6%-ს დრო ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან საერთოდ არ გაუტარებია.

სქესის მიხედვით, როგორც ბიჭების, ასევე გოგოების უმეტესი ნაწილი ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან 1-დან 2 საათამდე დროს ატარებს (შესაბამისად 31.8% და 30.3%). ელექტრონულ მოწყობილობების ეკრანთან გატარებული დრო, ბავშვების ასაკის მიხედვით, განსხვავებულია. 0-4 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობა ეკრანთან 1 საათზე ნაკლებ დროს ატარებს (40.3%); 5-9 და 10-13 წლის ასაკის ბავშვების უმრავლესობა - 1-დან 2 საათამდე (შესაბამისად 35.9% და 34.5%); ხოლო 14-17 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობა - 4 საათს და მეტ დროს (27.2%). აღსანიშნავია, რომ მოცემული საათები არ მოიცავს საშინაო დავალების შესრულებაზე დახარჯულ დროს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები