ბოლო წლებში, მრავალი ქვეყნის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც მასშტაბური და ყოვლისმომცველი, მაგრამ მაინც სექტორულად დაყოფილი სუპერ აპლიკაციების, ე.წ. “სუპერ აპების” შექმნაში გამოიხატება. მეწარმეებსა და ბიზნესმენებს სურთ, ერთბაშად რამდენიმე მომიჯნავე სერვისზე კონცენტრირდნენ და ისინი მომხმარებელს ერთ აპლიკაციაში შესთავაზონ.
აღნიშნული ტენდენციის კვალდაკვალ, საქართველოში ახალი სტარტაპი Tati გამოჩნდა, რომელიც შინაური ცხოველების სუპერ აპის შექმნას ისახავს მიზნად. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, აპლიკაცია კალენდარს და გრუმინგ-სესიებს აერთიანებს, მაგრამ უახლოეს მომავალში, მომხმარებლები აპლიკაციაში ვეტერინარული კლინიკების, ცხოველების სასტუმროების, გამსეირნებლებისა და ზოომაღაზიების ინტეგრაციას უნდა ელოდონ. ახალი ქართული სტარტაპის გეგმების, ხედვისა და ბიზნესმოდელის შესახებ Tati-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, სერგი აბაშიძეს ვესაუბრეთ.
რას წარმოადგენს Tati და რატომ გაგიჩნდათ ამ ტიპის სტარტაპის შექმნის იდეა?
Tati არის პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის პროცესს აციფრულებს. ჩვენს აპლიკაციაში, ანუ ერთ სივრცეში თავმოყრილია, როგორც გრუმინგის, ასევე სასტუმრო, გასეირნებისა და ვეტერინარული სერვისები, რომელთა მიღება მომხმარებლებს ძალიან მარტივად შეუძლიათ. პირადმა გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ხშირად, შინაური ცხოველების მეპატრონეებს მათ სიახლოვეს არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რის გამოც, სასურველ დროს ჯავშანს ვერ აფორმებენ. შესაბამისად, ადამიანები, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს ახლობლის რეკომენდაციის საფუძველზე იღებენ და ვიზიტს ისე ჯავშნიან, რომ პროვაიდერის განრიგისა და რეპუტაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ აქვთ.
ამ ეტაპზე, რა სერვისებს აერთიანებს Tati და რა ხედვა გაქვთ მომავალთან დაკავშირებით?
Tati-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა App Store-დან და Google Play-დან უკვე შეიძლება. გადმოწერისა და რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციას მისი ოთხფეხა მეგობრის შესახებ ინფორმაცია მიაბას და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის პერიოდული ვაქცინაცია, კალენდარში აღნიშნოს. ამ დროისთვის, მომხმარებლებს გრუმინგ-სესიის დაჯავშნაც შეუძლიათ, ცხადია, მათთვის სასურველ დროს და ყოველგვარი სატელეფონო ზარის გარეშე. მოგვიანებით კი, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველების სასტუმროების, გამსეირნებლებისა და ზოომაღაზიების ფუნქციონალსაც ავამოქმედებთ.
როგორ მუშაობს Tati-ს ბიზნესმოდელი, ანუ როგორ აგენერირებს კომპანია შემოსავალს?
თავისი არსით, Tati სავაჭრო პლატფორმა, ე.წ. “მარკეტფლეისია", რომელიც შინაური ცხოველების მეპატრონეებსა და სხვადასხვა სერვისების მიმწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. თითოეულ ჯავშანზე მომხმარებელი პლატფორმას გარკვეულ თანხას უხდის, მაგრამ ამავდროულად, შემოსავლის გარკვეულ ნაწილს Tati პარტნიორი ორგანიზაციებისგანაც იღებს. შემოსავალი, ცხადია, აპლიკაციის განვითარებისა და შინაური ცხოველების მოვლის პროცესის გამარტივებისთვის გამოიყენება.
რა არის Tati-ს კონკურენტული უპირატესობა სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით?
Tati-ის კონკურენტული უპირატესობა სამართავი პანელია, რომელიც ჩვენს პარტნიორებს, ანუ ვეტერინარებს, სასტუმროებს, გრუმერებსა და გამსეირნებლებს საქმეს უმარტივებს და საშუალებას აძლევს ფართო ბაზარზე რაც შეიძლება ჩქარა და, რაც მთავარია, მინიმალური დანახარჯებით მოხვდეს. სამართავი პანელის ფუნქციონალს შორის ვხვდებით, როგორც ინვენტარიზაციასა და მარაგების მართვას, ასევე ბუღალტერიას და თანამშრომელთა და პაციენტების მართვას. ჩვენი ინფორმაციით, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სუპერ აპი არც საქართველოში შექმნილა და არც - მსოფლიოში. აი, ზუსტად ზემოხსენებული სამართავი პანელი გვაძლევს ამ ტიპის აპლიკაციის შექმნის საშუალებას.
სერგი, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სტარტაპს ქმნიან?
ამ ეტაპზე Tati-ის გუნდში ხუთნი ვართ. ბესიკ ექსეულიძე საოპერაციო დირექტორია, დავით სარჯველაძე ტექნოლოგიური დირექტორი, ანა ვაჭარაძე პროდუქტის დიზაინერია, ანანო რომანაშვილი მობაილ დეველოპერი, მე კი - კომპანიის დირექტორი. ჩვენი გუნდი საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც აკადემიური წარსულით, ასევე სამუშაო გამოცდილებით.
რა კონკრეტული გეგმა გაქვთ 2024 წლის ბოლომდე?
მიმდინარე წლის განმავლობაში აპლიკაციაში ვეტერინარული კლინიკების, ცხოველების სასტუმროების, გამსეირნებლებისა და ზოომაღაზიების ინტეგრაციას და რაც შეიძლება მეტი პარტნიორის დამატებას ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ამასთან, Tati “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” საგრანტო პროგრამის მონაწილეცაა და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ კიდეც, რაც ჩვენი გეგმების დაჩქარების შესაძლებლობას მოგვცემს.