უზბეკეთს პირველი “უნიქორნი”, ანუ მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპი ჰყავს. ეს სიმბოლური ტიტული უზბეკურმა Uzum-მა მოიპოვა, რომელმაც უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შედეგად $114 მილიონი მოიზიდა, რა დროსაც კომპანია $1.16 მილიარდად შეფასდა. აღნიშნულ შეფასებას, ცხადია, განაპირობებს, როგორც Uzum-ის დამფუძნებლებისა და გუნდის მიერ დასახული და აღსრულებული სტატისტიკა, ასევე უზბეკეთის თავისებურებები. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანამ, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც გაციფრულებას და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას შეუწყო ხელი. თავად უზბეკეთი კი, საკმაოდ დიდი ქვეყანაა, რომელშიც 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც 75%-ზე მეტს ინტერნეტიც აქვთ და სმარტფონებიც.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, უზბეკური სტარტაპ-ეკოსისტემა სწრაფი ტემპით ვითარდება. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1,200-მდე სტარტაპი იყო რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა ე.წ. “Seed” ეტაპზე იმყოფებოდა, რაც ეკოსისტემის განვითარებაზე მიანიშნებს. უზბეკეთში, ისევე, როგორც საქართველოში, ბევრი ფინტექ-სტარტაპი (30%) ოპერირებს, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი მოდის ელექტრონულ კომერციაზე (27%), სამედიცინო ტექნოლოგიებზე (24%), საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე (18%) და კორპორაციულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოდის (15%).
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერციის სექტორს უზბეკეთში 300-ზე მეტი სტარტაპი ავითარებს, ონლაინვაჭრობა ქვეყანაში ჯერაც განუვითარებელ მიმართულებად ითვლება. 2022 წლის მონაცემებით, მაგალითად, ონლაინმაღაზიების ბრუნვამ უზბეკეთის საცალო ვაჭრობის სექტორის ბრუნვის 2.2% შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თავად ამ ფაქტს კი, როგორც ჩანს, უზბეკი მომხმარებლის თავისებურებები განაპირობებს, რადგან ისინი, როგორც წესი, პროდუქტებს Instagram-ის, TikTok-ისა და Telegram-ის საშუალებით ყიდულობენ, ანუ ონლაინვაჭრობის სექტორი კონსოლიდირებული არ არის.
როგორც პირველი უზბეკური “უნიქორნის”, Uzum-ის დამფუძნებელი TechCrunch-თან ამბობს, სუპერ აპის შექმნისკენ მას და მის გუნდს სწორედ უზბეკეთის ელექტრონული კომერციის ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ უბიძგა. “უცნაური იყო, რომ სმარტფონების მაღალი პენეტრაციისა და გამართული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის პირობებში, ელექტრონული კომერცია და ფინტექ-ინდუსტრია საფუძვლიანად არ განვითარებულა”, - ამბობს Uzum-ის მმართველი პარტნიორი, ჯასურ ჯუმაევი. შედეგად, Uzum-ის გუნდმა ქვეყანაში Amazon-ის მოდელი დანერგა, ანუ მომხმარებლებს ისეთი ონლაინმაღაზია შესთავაზა, რომელიც ლოგისტიკურ სერვისებს და მიწოდებას უზრუნველყოფდა. თავდაპირველად, Uzum-მა სწორედ ლოგისტიკური ქსელი გამართა და ავტომობილები შეიძინა, რადგან კომპანიის ნოუჰაუ - პროდუქტის მეორე დღეს მიტანა იყო.
უზბეკურმა Uzum-ი 2022 წლის ოქტომბერში გაეშვა და დღემდე, რვა მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი, 9,000-ზე მეტი მერჩანტი და 600,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი დაუგროვდა. თავად ეს რიცხვი საკმაოდ მასშტაბურია, რადგან უზბეკეთის ყველაზე დიდ ბაზრობაზე - და ამ ქვეყანაში ეს მიმართულება ჯერაც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია - დღეში, დაახლოებით 70,000 დასახელების პროდუქტი იყიდება. შედეგად, ოპერირების პირველ წელიწადს, Uzum-მა $150 მილიონი დოლარის პროდუქტები გაყიდა, ხოლო წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგებას გეგმავს.
თუმცა Uzum-ისთვის, ელექტრონული კომერცია ერთ-ერთ ბიზნესად იქცა, რადგან კომპანიამ სუპერ აპად გადაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც, პირველ რიგში, პლატფორმაზე BNPL-მოდული ჩააშენა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტების გამარტივებულად შეძენის საშუალებას აძლევს და დაახლოებით ის სერვისია, რასაც საქართველოში მომხმარებლებს თიბისი და “საქართველოს ბანკი” სთავაზობენ, თანხის განაწილების პროდუქტებით. ეს ფუნქციონალი, თავისი არსით, ფინტექ-პროდუქტია, რომლის გარშემო Uzum-მა ციფრული ბანკი შექმნა და საკვებით მიტანის სერვისიც შექმნა.
ინვესტიცია, რომელიც Uzum-მა ახლახან მოიზიდა, უმეტესწილად, სწორედ კომპანიის ფინტექ-ბიზნესის განვითარებას დაეთმობა, ხოლო თანხის მესამედი - ელექტრონული კომერციის განვითარებისკენ იქნება მიმართული. მომავალში, როგორც ჩანს, Uzum-ი ახალი, მეტად რისკიანი საკრედიტო პროდუქტების დანერგვას და საკუთარი IT-ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. უზბეკური სტარტაპის მიზანია, გაზარდოს, როგორც პლატფორმაზე გაყიდული პროდუქტების ღირებულება, ასევე საკრედიტო პორტფელი და Uzum-ის სისტემაში გატარებული ტრანზაქციების ჯამური მაჩვენებელი. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, Uzum-ი სუპერ აპის გაშვებას გეგმავს - აპლიკაციის, რომელიც კომპანიის ყველა სერვისს ერთ ადგილას გააერთიანებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის, რასაც Uzum-ი უზბეკეთში აკეთებს, ანალოგია იმისა, რასაც ქართველი ანტერპრენიორის, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz ყაზახეთში აკეთებს - თან, Uzum-ის ინვესტორები ამაზე ღიად საუბრობენ. “დავინახეთ რა, თუ რა წარმატებით შექმნა Kaspi.kz-მა სუპერ აპი მეზობელ ყაზახეთში, დავრწმუნდით, რომ Uzum-ი ამ წარმატებას უზბეკეთში გაიმეორებს, რადგან შესაბამისი ტალანტი, რესურსები და პროდუქტები გვაქვს”, - განაცხადა Uzum-ის ინვესტორმა, FinSight Ventures-ის მმართველმა პარტნიორმა, ალექსეი გარიუნოვმა TechCrunch-თან. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რამდენიმე წელიწადში, უზბეკური Uzum-ი საფონდო ბირჟაზე ვიხილოთ.