ცხოველების ტრანსპორტირების გამოძახების სერვისმა „შინაური ცხოველების ტაქსიმ“ თბილისში შიდა გადაადგილების მომსახურება გააუქმა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იაკობიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი დედაქალაქში არსებული საცობები გახდა, რაც სერვისის განხორციელებას რამდენიმე საათით აჭიანურებდა და კომპანიას ტარიფების ზრდის აუცილებლობის წინაშე აყენებდა.
"კომპანიაში გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ. ადრე თუ მთლიანად საქართველოს ვფარავდით, თბილისის ჩათვლით, ახლა გვაქვს მომსახურება თბილისიდან რეგიონების მიმართულებით და რეგიონებიდან თბილისისკენ.
თბილისში შიდა გადაადგილების გაუქმება პირდაპირ უკავშირდება საცობებს, რაც გზაში რამდენიმე საათს გვაკარგვინებდა. ასეთ პირობებში, ტარიფების გაზრდა მოგვიწევდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ რეგიონულ მიმართულებებზე დაგვეტოვებინა სერვისი", – აცხადებს გიორგი იაკობიშვილი.
როგორც იაკობიშვილი ამბობს, ტარიფების კორექტირება რეგიონულ სერვისზე არ განხორციელებულა და ფასები უცვლელია. მისივე თქმით, ამჟამად არსებული სერვისის ღირებულება დამოკიდებულია გასავლელ მანძილზე, ცხოველის ტიპსა და სხვა პარამეტრებზე. ის დასძენს, რომ მაგალითად, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შინაური ცხოველის ტრანსპორტირება დაახლოებით 450 ლარი ღირს.
რაც შეეხება კომპანიის განვითარებას, მისი შეფასებით, ბიზნესი ამ ეტაპზე სტაბილურ რეჟიმში მუშაობს:
"ვითარდება მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ – უფრო ერთ საფეხურზეა გაჩერებული და სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. მოთხოვნა ქალაქის მასშტაბით უფრო მაღალი იყო, განსაკუთრებით ვეტ-კლინიკებთან დაკავშირებული გადაადგილების გამო, თუმცა რეგიონულ მიმართულებებზეც მოთხოვნა მაინც არსებობს. თვეში დაახლოებით 10 შეკვეთამდე გვაქვს, მეტი არა", – აღნიშნავს ის.




























