მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა - გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, "შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა".

ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის ტერორმა სისტემური ხასიათი მიიღო.

"გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო.

ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივნის ჩვენებას და არის კანონთან შეუსაბამო.

თუკი რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს "რუსული კანონის" მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები, გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები ვისაც სისტემის არ ეშინიათ.

სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა.

საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!", - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები