მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიში საპატიოდ არ მიმაჩნია. ყველა [ბიზნესმენს] ვუსურვებ, სინდისს ბოლომდე დაელაპარაკოს - შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

"შიში საპატიოდ არ მიმაჩნია. ყველა [ბიზნესმენს] ვუსურვებ, საკუთარ სინდისს ბოლომდე დაელაპარაკოს“, - ასე უპასუხა ფინანსისტმა და ბიზნესის მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც შეჩერებულ ევროინტეგრაციასთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მსხვილი ბიზნესის მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეეხებოდა.

ნიკა შურღაია ამბობს, რომ არ სურს ვინმეს მსაჯული იყოს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ „დანაშაულის ჩადენა უმოქმედობითაც შეიძლება“.

- დავუშვათ, ქუჩაში მიდიხარ, დაინახე, რომ ქალს აუპატიურებენ და გვერდით ჩაუარე. რა საქციელია ეს?! მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თავისუფლების გაუპატიურების სერიოზულ მცდელობასთან გვაქვს საქმე და ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, რომ ცუდად დასრულდეს... ბოდიშს ვიხდი ასეთი უხეში ტერმინოლოგიის შემოტანისთვის... სამწუხაროდ, ეს პროცესი კარგა ხანია დაიწყო - ფლირტიდან გაუპატიურებაზე გადავიდნენ...

- ამიტომაც თქვენი აზრით, დღეს მხოლოდ ბიზნესის ანუ შენი საქმის კეთება და ჩუმად ყოფნა დანაშაულია?

- არ მინდა მსაჯულის როლში ვიყო... ყველას თავისი ხედვა აქვს. მე ჩემს მსოფლმხედველობას გიზიარებთ - მე როგორ ვხედავ და ვთვლი. ვიღაცებს [ბიზნესმენებს] უთქვამთ ჩემთვის, რომ რამდენიმე ასეული თუ ათასი თანამშრომელი მყავს და რა ვქნა, რა გავაკეთოო... რა ვიცი, 3,7 მლნ მოქალაქე ვართ და თუ გააუპატიურეს ამ ქვეყნის თავისუფლება, რა ვიცი, რამდენიმე ათასეულს აყენებ წინ 3.7 მილიონის პირისპირ?! მე ასე ვხედავ, თუმცა იქნებ მე ვცდები...

- ან იქნებ ისინიც თქვენნაირად ფიქრობენ, მაგრამ ეშინიათ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების?

- შიში საპატიოდ არ მიმაჩნია. სიფრთხილე გასაგებია და გონივრულია, მაგრამ ყველას [ბიზნესმენს] ვუსურვებ, საკუთარ სინდისს ბოლომდე დაელაპარაკოს და შემდეგ უპასუხოს საკუთარ თავს - ამას შიშის გამო აკეთებს თუ სიფრთხილის გამო... რა პლუსი და მინუსია ორივე მხარეს და შემდეგ ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები