მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შობადობის გლობალური კრიზისი: რატომ აღარ ვაჩენთ ბავშვებს და რა შუაშია სოც.მედია?

scrolling

მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 67%-ზე მეტში შობადობის კოეფიციენტი 2.1-იან ნიშნულზე დაბლაა, რაც მიგრაციის გარეშე მოსახლეობის სტაბილურობის შენარჩუნების ზღვარზე ნაკლებია.

ეკონომისტებისა და დემოგრაფების ნაწილის შეფასებით, შობადობის გლობალური კრიზისი, რომელიც სამუშაო ძალას ამცირებს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, თანამედროვე ციფრულ ეპოქასთან და სმარტფონების აქტიურ გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

როგორც ირკვევა, ბოლო ათწლეულში ტენდენცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა და მან განვითარებადი ქვეყნებიც მოიცვა, სადაც შობადობის მაჩვენებელი ხშირად იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებში. არსებული ინფორმაციით, გაეროს პროგნოზი, რომელიც სამხრეთ კორეაში 2023 წლისთვის 350 000 ბავშვის დაბადებას ვარაუდობდა, რეალობას 50%-ით ჩამორჩა, რადგან ქვეყანაში შობადობის რეალურმა რაოდენობამ მხოლოდ 230 000 შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დემოგრაფიული ცვლილებების მთავარ მიზეზად არა წყვილებში შვილების რაოდენობის კლება, არამედ პარტნიორული ურთიერთობების საერთო შემცირება მიიჩნევა. კვლევების თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში ოჯახების ფორმირების პროცესი არათანაბარია, რადგან დაქორწინებისა და შვილის გაჩენის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალი განათლებისა და მინიმალური შემოსავლის მქონე პირებშიც შემცირდა.

პარალელურად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობაში ეს სტატისტიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების შემდეგ განვითარებულმა ქვეყნებმა ბავშვთა დახმარებაზე, სუბსიდირებულ ბაღებსა და დეკრეტულ შვებულებაზე ერთ სულ მოსახლეზე გაწეული რეალური ხარჯები გაასამმაგეს, თუმცა შობადობის კოეფიციენტი თითო ქალზე 1.85-დან 1.53-მდე მაინც შემცირდა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ბარიერებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში შობადობის ვარდნის თითქმის ნახევარი ბინათმესაკუთრეთა წილის შემცირებასა და მშობლებთან მცხოვრები ახალგაზრდების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. და მაინც, ეს ფაქტორი სრულად ვერ ხსნის პროცესის გლობალურ ხასიათს, ვინაიდან სკანდინავიის რეგიონში შობადობა ეკონომიკური სტაბილურობისა და ახალგაზრდების დამოუკიდებლად ცხოვრების მაჩვენებლის ზრდის ფონზეც მცირდება. საყურადღებოა, რომ რიგ ქვეყნებში ერთად გადასული წყვილების დაშორების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე მათ მიერ შვილის გაჩენის სტატისტიკა.

Financial Times-ის ინფორმაციით, შობადობაზე ტექნოლოგიური გავლენის შესასწავლად ცინცინატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 4G მობილური ქსელების გავრცელების დინამიკა გააანალიზეს. როგორც ირკვევა, შობადობის მაჩვენებელი პირველად და ყველაზე სწრაფად იმ რეგიონებში შემცირდა, სადაც მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი ყველაზე ადრე გამოჩნდა.

დემოგრაფიული მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ახალგაზრდებში შობადობის ვარდნა 2007 წლიდან დაიწყო, საფრანგეთსა და პოლონეთში აღნიშნული ტენდენცია 2009 წლიდან გამოიკვეთა, ხოლო მექსიკაში, მაროკოსა და ინდონეზიაში პროცესი 2012 წელს დაფიქსირდა. მკვლევართა განმარტებით, სმარტფონების მასობრივი გამოყენება და სოციალური მედიის პლატფორმები რეალურ ცხოვრებაში სოციალიზაციის დროს მნიშვნელოვნად ამცირებენ და პოტენციური პარტნიორების მიმართ არარეალისტურ მოლოდინებს აყალიბებენ.

ცნობისთვის, მედიატექნოლოგიების გავლენა შობადობაზე სამეცნიერო წრეებში სმარტფონების ეპოქამდეც განიხილებოდა. ჯერ კიდევ 2001 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზორის ფლობა შობადობის შემცირებასთან უფრო მჭიდრო კავშირში იყო, ვიდრე ოჯახის შემოსავალი ან განათლების დონე, მომდევნო წლების სამეცნიერო ნაშრომებმა კი დაადასტურეს, რომ ოჯახების ცხოვრების ამსახველი სატელევიზიო შოუების ყურება ქალებში შვილების გაჩენის სურვილებს პირდაპირ აქვეითებდა. როგორც ჩანს, სოციალური მედია ამ პროცესს უფრო მეტად აჩქარებს და Instagram-ის, TikTok-ისა და Facebook-ის პოპულარიზაცია შობადობის კრიზისს კაცობრიობის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები