მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შოპინგი, კვება... - რაში ხარჯავდნენ ტურისტები ყველაზე მეტს I კვარტალში საქართველოში მოგზაურობისას?

ტურისტები

2025 წლის პირველ კვარტალში საერთშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 826 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.3%-იანი ზრდაა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლები 808 მლნ აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთი ლიდერობს - 142 მლნ აშშ დოლარით. ხოლო შემოსავალმა თურქეთიდან 107 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის რეზიდენტების დანახარჯები მიმდინარე პერიოდში 103 მლნ აშშ დოლარს უტოლდება“, - წერია მიმოხილვაში.

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წელს საერთშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა,

„რუსეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 19%-ია, თურქეთის - 14%, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წილი 13%-ია, ხოლო ისრაელის - 10%. ამ ქვეყნების ჯამური წილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ნახევარზე მეტია“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

საინტერესოა დანახარჯების სტრუქტურის დინამიკაც. თიბისი კაპიტალი მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების ხარჯვებში იკვეთება სამი ძირითადი კატეგორია: 26% - შოპინგზე, განთავსების საშუალებებზე და საკვებსა და სასმელზე - 24-24%, კულტურა, სპორტი, რეკრეაცია - 16%, ხოლო ადგილობრივი ტრანსპორტი - 9%.

ამასთან, თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, განთავსების საშუალებებში გათეული ღამეების მიხედვით სასტუმროები 37%-ს იკავებს, ხოლო 25% ნაქირავებ სახლზე ან ოთახზე მოდის. ვიზიტორები გათეული ღამეების 24%-ს მეგობართან ან ნათესავთან, ხოლო 11%-ს საკუთარ სახლში ატარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები