მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის ნაცვლად მრავალძალი - რაზე ესაუბრება სახელმწიფო კურორტ შოვის განვითარების ავტორებს?

რაჭა

რაჭაში, შოვის ნაცვლად მრავალძალის კურორტი განვითარება - ამაზე საუბრობენ სახელმწიფო და კურორტ შოვის განვითარების პროექტის ავტორები. მიზეზი შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომლის მიხედვითაც სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

მრავალძალში კურორტის განვითარების შესახებ პირველი განცხადებები გუშინ - 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, სტიქიის ზონაში ვიზიტის შემდეგ რაჭის სხვა ადგილების მონახულებისას პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთეს. მრავალძალი, შხივანა, ბეთლევი, სხარტალი - ეს ის ზონებია, რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფომ ტურისტული განვითარებისთვის მოიძია. საუბრისას პრემიერმა ისიც თქვა, რომ ახალი ლოკაციები ინვესტორების ჩართულობით განვითარდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით კი მრავალძალი ოთხსეზონიანი კურორტი იქნება, რისთვისაც მისი დაგეგმარება მოხდება. მინისტრის მოადგილემ ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობაც ახსენა, თუმცა ვინ ჩაერთვება კურორტის განვითარებაში არც პრემიერს და არც ქვრივიშვილს არ დაუკონკრეტებიათ.

BM.GE-მ ამ კითხვაზე პასუხისთვის უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ მიმართა. დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველმა ირაკლი ბერეკაშვილმა BM.GE-ის დაუდასტურა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოსთან მიმდინარე მოლაპარაკებით შოვის ნაცვლად მონაწილეობა მრავალძალის განვითარებაში მიიღონ, სადაც ოთხსეზონიანი კურორტის მოწყობაზე სახელმწიფოსთან ერთად იმუშავებენ. ჯამში 160 ჰექტრამდე ფართობის მიწაზეა საუბარი.

„სახელმწიფოსა და პროექტის ავტორების მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს. რამდენიმე ლოკაცია შემოგვთავაზეს და მათგან ყველაზე მისაღები ჩვენთვის მრავალძალი აღმოჩნდა“, - უთხრა BM.GE-ის ირაკლი ბერეკაშვილმა.

თუმცა სანამ პარტნიორები ახალ ლოკაციაზე, განსხვავებულ მოცემულობაში საინვესტიციო პროექტზე მუშაობას დაიწყებენ, კურორტის ერთიანი განვითარების გეგმა სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს, რაშიც „სიმეტრია“ პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად იქნება ჩართული. ირაკლი ბერეკაშვილი პროცესს განმარტავს:

„პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან კურორტის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის დაკვეთა უნდა მოხდეს, ანუ რა ტიპის კურორტი, როგორი განაშენებიანების პარამეტრებით, რა ფართობზე უნდა მოეწყოს. ახლა მთლიანი კურორტის განვითარების კონცეფციის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. იგეგმება სახელმწიფო შესყიდვა ამ მომსახურების შესყიდვისთვის. ჩვენ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობის მივიღებთ როგორც ტექნიკური დავალების მომზადების, ისე აქტიურად ვიქნებით ჩართულები რომ კურორტის განვითარების შემუშავებული გეგმა მისაღები იყოს ჩვენი და ჩვენს უკან მდგარი ინვესტორებისთვის. შემდეგ დავიწყებთ კურორტის აქტიურ განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი ინფრასტრუქტურის მიყვანას და განვითარებას, ხოლო ჩვენი მხრიდან კონკრეტული მიზიდულობის წერტილების და ტურისტული ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

მრავალძალის ერთიანი განვითარების გეგმა შეიქმნება იმ მაღალი სტანდარტების დაცვით, რომელიც შოვის შემთხვევაშიც ჩვენთვის ინვესტირების განხორციელებისთვის ამოსავალი წერტილი იყო. ანუ პირდაპირ გეგმა და შეთანხმება არსებობს ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის, რომ ეს იყოს მაღალი კლასის, საერთაშორის სტანდარტების, ევროპული, ალპური დონის ახალი კურორტი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით ნულიდან დაიგეგმება“.

„სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველი, ახალ ლოკაციაზე პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს: „ამ ეტაპზე უნდა დაზუსტდეს კურორტის საზღვრები, იმ მიწის ნაკვეთების მოცულობა, რომელიც ჩვენს საკუთრებაში გადმოვა და კონკრეტული განაშენიანების პარამეტრებისა და მიწის ნაკვეთების შესაბამისად დაიწყება ეტაპობრივი ინვესტირების მოზიდვისა და განხორციელების პროცესი, რომლის გაჟღერება გენგეგმის მომზადების შემდეგ გახდება შესაძლებელი“.

კითხვაზე - რა ვადებში უნდა მომზადდეს მრავალძალის განვითარების გენგეგმა, ირაკლი ბერეკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო სამუშაოების შესრულებას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჰპირდებათ, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერჯერობით უცნობია.

„სახელმწიფოს მხრიდან დაპირებაა, რომ შესყიდვების პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდება ტექნიკური დავალებები და საუკეთესო კანდიდატის სწრაფი შერჩევა, ვინც შემდეგ მოამზადებს გეგმას. კანდიდატების ჩამონათვალი იმ კომპანიებისგან შედგება, ვისაც საქართველოსა და უცხოეთში ანალოგიური სამუშაოები აქვთ ჩატარებული მაღალი სტანდარტის საკურორტო ზონების გეგმარებაზე და იმედი მაქვს, შესყიდვის შედეგად მაღალი ხარისხის პროდუქტს მივიღებთ. მაქსიმალურად მოკლე ვადებს გვპირდებიან, თუმცა კონკრეტული ვადა არ ვიცით“, - აღნიშნავს ბერეკაშვილი.

ისევე როგორც შოვის კურორტის განვითარების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტის შემსრულებელ კომპანიაში ელიან, რომ კურორტი სახელმწიფოსთან კოორდინაციაში განვითარდება, ხელისუფლება კურორტამდე ყველა საჭირო კომუნიკაციის მიყვანას უზრუნველყოფს.

„ჩვენ პროცესი ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროცესები, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს, ვგულისხმობ გეგმის შექმნას და ამის შედეგად კურორტის ტერიტორიის საზღვრების და საჭიროებების განსაზღვრას. პირველ რიგში ეს არის გზა, შემდეგ წყალი და სხვა მნიშვნელოვანი კომუნიკაციების მოწყობა, რაც კურორტის განვითარებისთვის საბაზისოდ აუცილებელია. ამ პროცესების პარალელურად დაიწყება კერძო ინვესტიციების მოზიდვის პროცესი. ყველაფერი ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ რაჭაში, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას მიზიდულობის ადგილი. გასაგებია, რომ ეს შეიძლება სრულად შოვის იდენტური პროექტი ვერ გახდეს, რადგან მას სხვა უპირატესობები ჰქონდა ბალნეოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა მრავალძალს განსხვავებული უპირატესობები აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან ეს დანახული და გააზრებულია. მგონია, რომ კურორტი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ რაჭის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

მრავალძალის ტერიტორიულად გამორჩეულ ადგილასაა, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება. კურორტის კლიმატური თავისებურებები თერაპიული მიმართულებით ბოლომდე შესასწავლია, თუმცა კურორტი ზღვის დონიდან 1800-2100 მეტრზე მდებარეობს და საოცარ ხედებს გვაძლევს. სწორად დაგეგმარების შემთხვევაში ფართო სეგმენტის მოზიდვის საშუალებას იძლევა. ამ პროცესში გამოკვლეული იქნება სამომავლო კურორტის სამკურნალო თვისებები, რაც მიზნობრივ ჯგუფებზე მუშაობის საშუალებას მოგვცეს. ვთვლით, რომ იქ სრულფასოვანი ოთხსეზონიანი კურორტის მოწყობა შეიძლება. ეს არ იქნება ზამთრის კურორტი ტრადიციული გაგებით, როგორიცაა ბაკურიანი და გუდაური, თუმცა ამის ელემენტები იქნება და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის დარწმუნებული ვარ, მიმზიდველი ადგილი გახდება.

თუ კერძო და საჯარო ინტერესების სწორი კოორდინაცია მოხდება და ამ ადგილზე შეიქმნება რეალისტური, ადგილის სიძლიერეზე მორგებული განვითარების გეგმა. ამ კურორტის შექმნისა და წარმატებული ოპერირებისთვის კი უახლოეს 5-7 წელიწადში ყველა წინაპირობა იარსებებს“, - აღნიშნა „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველმა.

შოვის ტრაგედიამდე კომპანია „სიმეტრია“ კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა. მრავალწლიანი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, შოვის ტრაგედიამდე, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი სახელდებოდა.

კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან მიმდინარეობდა. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობდნენ.

შოვის განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნა იყო დაგეგმილი,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები