შოვში მომხდარი სტიქიისა და შედეგად დატრიალებული ტრაგედიიდან 1 კვირა გავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ი და განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
სამსახურის უფროსის განმარტებით, შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისიდან და ქუთაისიდან ვერტმფრენების მობილიზება მოხდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისის ვერტმფრენი პროცესში ვერ ჩაერთო.
„15:10 საათზე 112-ში დაფიქსირდა ზარი, რომელიც გადმომისამართდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. დაუყოვნებლივ მივიღეთ ცოცხალი ძალისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტების და ავიაციის მობილიზების და მომზადების გადაწყვეტილება. აქ საუბარია როგორც თბილისში დისლოცირებულ, ასევე ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტში მობილიზებულ ვერტმფრენზე, პარალელურ რეჟიმში ინფორმაციას მობილიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის პოლიციაში და თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე გამოემგზავრნენ.
ხდებოდა ინფორმაციის მიღება, გადამოწმება, ანალიზი.
როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მოხდა ვერტმფრენების მობილიზება. სამ საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი ჩართული იყო სტიქიის ზონაში ადამიანების ევაკუაციაში იყო ჩართული. ქუთაისში მობილიზებული ვერტმფრენმა სამაშველო ჯგუფთან ერთად, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო აფრენა ვერ მოახერხა. თუმცა თბილისიდან 2 ვერტმფრენი გამოფრინდა, რომელშიც სწრაფი რეაგირების ჯგუფები იმყოფებოდნენ შესაბამისი ე.წ. მძიმე ტექნიკური აღჭურვილობით ჩამოფრინდა შოვში და ჩაერთო საძიებო სამუშაოებსა და ევაკუაციაში. ვერტმფრენები მძიმე მეტეოროლოგიურ ვითარებაში სანსეტ შოვის მიმდებარედ დაფრინდნენ და 70 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ეს იყვნენ ბავშვები, მოხუცი ქალბატონები.
ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალების მოხდა სტიქიის ზონის დათვალიერება, პარალელურად პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიიდან მოქალაქეების გამოყვანა ხდებოდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონის პოლიციაში დაიწყო გამოძიება. სტიქიური მოვლენების შედეგად დაკარგულ პირთა შესახებ ინფორმაცია შსს საზოგადოებრივი მართვის ცენტრში შემოდიოდა შეტყობინებები ეს არის 47 შეტყობინება 136 პირთან დაკავშირებით, ხოლო ონის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულ სპეციალურ ცხელ ხაზზე 15 შეტყობინება 40 დაკარგული პირის შესახებ შემოვიდა. საერთო ჯამში ინფორმაცია 62 შეტყობინება მივიღეთ და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, შემოსული ინფორმაციის შესახებ დაიწყო პირების იდენტიფიცირება და გადამოწმება და ეს რიცხვი მუდმივად იცვლებოდა.
„მიღებული ინფორმაციით, დაკარგულთა შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლებთანაც ახლობლები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა საკოორდინაციო შტაბი.
ძებნა-შველის სამუშაოები მეხანძრე-მაშველების, სითბური დრონებით, სპეცტექნიკით და კინოლოგების საშუალებით მთელი ღამე გრძელდებოდა. სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარე ტყის მასივებში ხდებოდა სითბური დრონებით გადამოწმება, რამაც საშუალება მოგვცა ის ადამიანები, რომლებიც ეპიცენტრის მიმდებარედ იყვნენ გამოგვეყვანა იქიდან“, - განმარტა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 4 აგვისტოს დილის 6 საათზე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და სტიქიის მიზეზების შემოწმება სპეციალისტებმა დაიწყეს. სტიქიის ზონიდან 9 სამაშველო გაფრენის შედეგად 210 ადამიანი იყო გამოყვანილი.
"საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა სამი მოქალაქე, აქედან 2 უკრაინის, ერთი კი რუსეთის მოქალაქე იყო. მეორე დღეს დაკარგული პირების სია 36-მდე გაიზარდა, საიდანაც 2 პირს მალე დავუკავშირდით, დაკარგულებიდან 33-ის იდენტიფიცირება შევძელით, ზურაბ ბიბილეიშვილის დაიდენტიფიცირება კი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა", - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.