მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში ადგილმონაცვლეობის რესურსი არის, მაგრამ ნაკვეთები მხოლოდ ლანდშაპტურ ზონაში უნდათ - გენგეგმის ავტორი

63aecca441e66
ანუკა ჯოხაძე
30.12.22 18:31
998
ონის საკრებულომ 3 წლიანი განხილვის შემდეგ კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცა.

გენგეგმის ავტორების თქმით, შენობა-ნაგებობების მშენებლობა კურორტზე დასაშვები მხოლოდ 2 ზონაში იქნება, სადაც სართულიანობა შეზღუდულია. საკურორტო სარეკრეაციო ზონა 1-ში მაქსიმუმ 3 სართულიანი, მანსარდიანი შენობებია გათვალისწინებული, რომლის სიმაღლე 15 მეტრი უნდა იყოს.

რაც შეეხება საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2-ს, ამ შემთხვევაში 4 სართული და მანსარდაა გათვალისწინებული და დოკუმენტის მიხედვით, შენობის სიმაღლე 18 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს.

სოფელ გლოლას მკვიდრი აცხადებს, რომ მშენებლობის დადგენილი სტანდარტები მათთვის მიუღებელია.

„მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინეს. აპირებენ 18-მეტრიანი ბეტონის შენობების ჩადგმას, მაგას ვაპროტესტებთ. მიუღებელია ჩვენთვის. გვინდოდა ისეთი გეგმა დადებულიყო, რომელიც ჩვენს ტერიტორიებზე მშენებლობის უფლებას მოგვცემდა და თან იერსახესაც არ დაამახინჯებდა.

ვითხოვდით ცვლილებებს პროექტში, მაგრამ არ მოგვისმინეს და მაინც ისე დაამტკიცეს, როგორც მათ სურდათ. მე სოფელ გლოლაში ვცხოვრობ და ჩემი მიწაც რეკრეაციულ ზონაში მოხვდა, ასეა სოფლის უმეტესობა, ამიტომ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ“, - აცხადებს ზურაბ ბიჭაშვილი, სოფელ გლოლას მკვიდრი.

შოვის გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი, კომპანია არტ სტუდიო პროჯექტის არქიტექტორი, გიორგი სულაბერიძე აცხადებს, რომ გენგეგმამ კურორტის ტერიტორიაზე 4 ზოგადი უფლებრივი ზონა გამოიყო. კურორტის ძირითადი ნაწილი ლანდშაპტურ ზონაზე მოდის, სადაც ინფრასტრუქტურული განვითარება დაუშვებელია.

როგორც სულაბერიძე ამბობს, მთავარ პრობლემას დოკუმენტის დამტკიცების პროცესში სწორედ ის ადგილობრივი მოსახლეობა ქმნიდა, რომელთა მიწის ნაკვეთები ლანდშაპტურ ზონაში მოხვდა.

“ახალი გენგეგმით კურორტის ტერიტორიაზე გვაქვს სიმაღლის შეზღუდვა. 3 სართული მანსარდით, რომელიც აბსოლიტურ მეტრებში არის გამოსახული. პრობლემა, რაც გენგეგმის დამტკიცების პროცესში იყო და მეც მქონდა შეხება, მოდიოდა ადგილობრივი მესაკუთრეებისგან. იქ, სადაც ლანდშაფტური ზონა დაედო და სადაც მოსახლეობა მიწებს ფლობდა, ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები შეილახა.

გარკვეულწილად ეს ალბათ ასეც არის, მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთ მთლიანად კურორტის გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე. ზოგი თვლის, რომ ეს არის მისი მამაპაპისეული მიწა და როგორ შეიძლება მისი რამენაირად შეზღუდვა, მაგრამ ესე ვერასდროს ვერ მივიღებთ სივრცითი განვითარების წესრიგს.

მუნიციპალიტეტს ადგილმონაცვლეობის რესურსი აქვს, უბრალოდ ისევ და ისევ ყველას უნდა პანსიონატის გვერდით, ტყეში. ყველა თვლის, რომ ერთი ხის მოჭრა ტყეს არაფერს არ ავნებს. თუმცა როცა საუბარია 60 ერთეულ 400-500 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ყველამ რომ თითო-თითო ხე მოჭრას, ტყე შოვს აღარ ექნება”, - აცხადებს კომპანია "არტ სტუდიო ფროჯექტის" არქიტექტორი გიორგი სულაბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები