არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია SHRE Studio-მ, საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დიზაინგენერატორი, SHRE.space შექმნა, რომელიც 1 წუთში საინსპირაციო დიზაინის რენდერს ქმნის. პროექტის სიახლეებსა და დეტალებზე SHRE Studio-ს დამფუძნებლებმა, ცოტნე და ივა მაზმანიშვილდბმა BM.GE-სთან ისაუბრეს.
"პლატფორმა ადამიანებს დაეხმარება, განსხვავებული დიზაინის და მიმდინარეობების უკეთ გარკვევაში, მომხმარებლებს შესთავაზებს შთამაგონებელ იდეებს საკუთარი სივრცეებისთვის და რაც მთავარია, ინტერიერის დიზაინის სფეროში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ დიზაინს შემდეგ განხორციელება სჭირდება, სწორედ ამიტომ, თუ მომხმარებელი მოისურვებს, SHRE Studio-ს შეუძლია მთლიან დიზაინს თავი მოუყაროს და შესრულების და სარემონტო სამუშაოების ნაწილს ბოლომდე მივყვეთ", - განმარტა ცოტნე მაზმანიშვილმა.
ამასთან, დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში აქტიურმა გამოყენებამ, უდიდესი შესაძლებლობები გააჩინა და ნებისმიერი ოპერაციის შესრულება გაამარტივა, შესაბამისად, დამფუძნებლებს ამ მხრივ ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. სწორედ ამას ემსახურება ახალი პლატფორმაც, რომელიც დიზაინის, სტილების, მასალებისა და ფერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
"პლატფორმა შემეცნებითია. პირველ რიგში, ვებგვერდით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომია, მისი გამოყენება სრულიად უფასოა. ვფიქრობ, ადამიანს, რომელიც პლატფორმას გამოიყენებს, უფრო გაერკვევა დიზაინსა და სახლის სტილში. სახლის ინტერიერისა და დიზაინის კულტურა საქართველოში ახლა ყალიბდება, ისევე, როგორც ნდობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ. სწორედ ამიტომ, ამ ჭრილში ცნობადობის ამაღლება გვსურს, გვინდა, შემეცნებითი ვიდეოების დადება, კომუნიკაციის წარმოება, რათა ხალხი ხელოვნურ ინტელექტს და მის შესაძლებლობებს უკეთესად გაეცნოს", - განმარტავს ივა მაზმანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა, რომელზედაც 4 ადამიანი მუშაობს, სატესტო რეჟიმში უკვე გაშვებულია და დამფუძნებლები აღნიშნული პლატფორმის სრულყოფისთვის აქტიურად მუშაობენ.
"ჩვენი პროექტის თანაავტორები სოფთვეარ ინჟინრები ბერო ლომსაძე და აჩი ბახსოლიანი არიან, რომლებთან ერთადაც შევძელით, და პლატფორმა სატესტო რეჟიმში ჩავუშვით. SHRE.space-ით სარგებლობისათვის საჭიროა ტელეფონის ნომრით ვერიფიკაცია და მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, რომელზედაც შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რენდერები გაიგზავნება. ამის შემდეგ მიმდინარეობს 5-ეტაპიანი პროცესი, სადაც სივრცის დიზაინი, სტილი, ფერები და მასალები ზუსტდება. გვინდა აღნიშნული ეტაპი უფრო პერსონალიზებული გავხადოთ და დავამატოთ მოცულობები, კვადრატულობები, რისი მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო ზუსტ და მორგებულ პროდუქტს შექმნის, ამასთან, გვსურს "ჩატბოტის" დამატებაც, რომელიც ქართულ ენაზე იქნება", - აღნიშნა დამფუძნებელმა.
ცნობისთვის: არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია SHRE Studio არსებულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და როგორც კომერციულ, ისე ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.