შრი-ლანკას ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ქარის ენერგიის პროექტების განვითარებაში გარკვეულ პროგრესს მომავალი ორი თვის განმავლობაში მიაღწევს. ქარის ელექტროსადგურებს კი ინდური Adani Green Energy ააშენებს. კომპანიამ გასულ წელს ამ მიზნისათვის $442 მილიონიანი ინვესტიცია გამოყო.
სამხრეთ აზიის ეს კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც საწვავის დეფიციტსა და ელექტროენერგიის შეზღუდულ მიწოდებას განიცდის, უკვე დიდი ხანია მწვანე ენერგიის მოპოვების ტემპის ზრდას ცდილობს, რისი მთავარი მიზეზიც იმპორტული საწვავზე დაწესებული მაღალი ფასებია. თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ქარის ენერგიის პროექტებს ჯერ ისევ იკვლევს, რათა მის ეფექტურობასა და ხელმისაწვდომობაში დარწმუნდნენ.
“სავარაუდოდ, შემდეგი 4 კვირის განმავლობაში, ჩვენი მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალი ენერგოგადამცემი ხაზების შესახებაც. ორივე პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ მარტისთვის ხელშესახები შედეგები გვექნება”, - ამბობს შრი-ლანკას ენერგეტიკის მინისტრი.
ჰიდროენერგეტიკა, ქვანახშირის სადგურები და ნავთობის წვა - თითოეული ქვეყნის ელექტროწარმოების მესამედზე არიან პასუხისმგებელი, თუმცა შრი-ლანკა იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის მათი ენერგიის 70% განახლებადი რესურსებიდან იქნება გენერირებული. გარდა ამისა, ინდოეთის ინიციატივით, შრი-ლანკას თხევადი ბუნებრივი აირიც მიეწოდება, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის.
გასული წლის ნოემბერში შრი-ლანკამ ჩინეთის შეთავაზებაც დაამტკიცა, რომელიც ქალაქ ჰამბანტოტაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად $4.5 მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს.