ქართულმა ოცნებამ უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალური ცვლილება დაისახა მიზნად. საკვანძო გამოწვევა, რომელსაც ამ რეფორმამ უნდა უპასუხოს, დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. კონცეფციიდან ეს აქცენტი ‘ოცნების’ მესიჯ–ბოქსში ყველაზე გამოკვეთილია. ერთი შეხედვით – ყველაზე ნაკლებად საკამათოც.
ქართული ოცნება ამბობს, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ უნარების მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ გამოწვევას ადასტურებს ბიზნესიც – ამბობს, რომ ეძებს კვალიფიციურ კადრებს, თუმცა შრომის ბაზარზე მათი პოვნა წლიდან წლამდე უფრო და უფრო რთული ხდება.
ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს თუ მოვუსმენთ – აუცილებელია შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ისეთი კურიკულუმების შედგენა, რომელიც პირდაპირ უპასუხებს იმ დაკვეთას, რაც ბაზარზე არსებობს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ასეთი კვლევების დეფიციტია, მაგრამ შევხედოთ, რა ხდება სინამდვილეში.
სინამდვილეში, არსებობს მთელი სისტემა – შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა – რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
“შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებ-პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე. მომხმარებლისათვის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის გაფანტულობა, მისი გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებლებს აღნიშნული სირთულეების დაძლევაში. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს, სადაც თავმოყრილია შრომის ბაზრის ინფორმაცია, ადვილად გასაგებია და მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება” - ვკითხულობთ გრაფაში „ჩვენს შესახებ“.
პორტალზე ვკითხულობთ, რომ სისტემა მომზადდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით. მის განვითარებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
ამ პორტალზე არსებულ ინფორმაციას დეტალურად პარასკევს (23 იანვარს) – ჩემს სტუმრებთან ერთად – ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გავარჩევ, თუმცა, მანამდე მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ კვლევების ჩამონათვალს, რაც ამ დროისთვის იძებნება.
უახლესი კვლევა 2025 წლით არის დათარიღებული - შესაბამისად, 2024 წლის მონაცემებიც კი საკმაოდ დეტალურად არის გაანალიზებული. კვლევა ატვირთულია, როგორც .pdf ფორმატში, ისე პრეზენტაციის სახითაც.
ერთმა კვლევამ განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება. Cambridge Econometrics-თან ერთადაა მომზადებული და როგორც სათაურიდანაც ვკითხულობთ, არა მხოლოდ რომელიმე წლის ბაზრის ანალიზის მცდელობაა, არამედ – კვლევის ამბიციაა შექმნას საქართველოში მაკროეკონომიკური უნარების პროგნოზირების მოდელი. თვითონ ამ კვლევის საწყისი წელი 2022 წელია, ხოლო მოდელი 5 წლიან პროგნოზს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმძღვანელოდ, ქართულ ოცნებას აგერ უკვე დაახლოებით 3 წელია, რაც აქვს 2027 წლამდე უნარებზე მოთხოვნის შესაძლო სურათი და კონკრეტული რეკომენდაციები.
“სამუშაო ასაკის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 12,000 ადამიანით შემცირდება. დასაქმების რაოდენობა, სავარაუდოდ, 90,000 დასაქმებულით გაიზრდება. შესაბამისად, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის მაღალი რისკი არსებობს, განსაკუთრებით პროფესიონალებსა და მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მომუშავე მუშაკებს შორის. საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშახელს შორის მოსალოდნელია კვალიფიკაციის დეფიციტი. ამიტომ, რეკომენდებულია, ყურადღება გამახვილდეს დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებლების საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშახელად კვალიფიკაციის ამაღლებაზე ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს (NQF) გამოყენებით, წინა ცოდნის აღიარებით და სხვა აქტიური დასაქმების ზომების გამოყენებით. მოსალოდნელია დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელის გრძელვადიანი უმუშევრობის დონის ზრდა. უნდა იქნას მიღებული აქტიური დასაქმების ზომები, როგორიცაა დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებლების საშუალო კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებლებად გადაყვანა მათი დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. მაგალითად, სამუშაო როტაციის სქემები შეიძლება განხორციელდეს იმ პროფესიებში, სადაც კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა” - აღნიშნულია კვლევაში.
რას გვეუბნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აბზაცი? ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არა უბრალოდ ხალხის დასაქმებაზე, არამედ მათ ხელახალ კვალიფიკაციაზე იმისთვის, რომ შრომის მიწოდება დაემთხვეს ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ნახსენებია „პროფესიონალების“ დეფიციტიც – რაც ხშირად უმაღლეს განათლებასთან ასოცირდება – შემოთავაზებული სტრატეგიული ნაბიჯები ტიპურია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემისთვის. შევეცდები, დავასაბუთო.
თვალი, რომ უფრო ადვილად მიადევნოთ ჩემს მსჯელობას, გრაფიკულად შეგიჯამეთ ჩემი არგუმენტები.

რას აჩვენებს ეს ცხრილი?
პირველი – მკაფიოდ ჩანს ორიენტაცია საშუალო კვალიფიკაციაზე: რეკომენდაციებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დეფიციტი მოსალოდნელია საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშახელს შორის. პროფესიული განათლება სწორედ საშუალო დონის სპეციალისტების მომზადებაზეა ფოკუსირებული (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3, მე-4 და მე-5 საფეხურები). რაც შეეხება უმაღლეს განათლებას – ის ძირითადად ორიენტირებულია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებაზე (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6, მე-7 და მე-8 საფეხურები).
მეორე – რეკომენდაცია, რომ „დაბალი კვალიფიკაციის მქონე მაძიებლები გადავიდნენ საშუალო კვალიფიკაციაში“, არის კლასიკური პროფესიული გადამზადების ამოცანა. უმაღლესი განათლება გაცილებით ხანგრძლივი და აკადემიური პროცესია, რომელიც ამგვარ სწრაფ „ნახტომებს“ შრომის ბაზრისთვის ნაკლებად უზრუნველყოფს.
მესამე – „წინა ცოდნის აღიარება“: ეს არის პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. ის საშუალებას აძლევს ადამიანს, ფორმალური განათლების გარეშე, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით დააგროვოს კრედიტები და მიიღოს კვალიფიკაცია, რაც უმაღლეს განათლებაში გაცილებით რთული და შეზღუდულია.
და ბოლოს – 5 წლიან ჭრილში, Cambridge Econometrics-ის ეს მოდელი 2027 წლამდე მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში კადრების შესაძლო დეფიციტზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს. ამ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრია.
შეთავაზებული გამოსავლის ლოგიკაც – წინა ცოდნის აღიარება და „სამუშაო როტაციის სქემები“ – სწორედ პროფესიული განათლების კონტექსტია – საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარება (ანუ „წინა ცოდნის აღიარება“) დანერგილი პრაქტიკაა. პროფესიულ სასწავლებლებში თუ ადამიანი ამტკიცებს ცოდნას, ის იღებს სახელმწიფო დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც გათანაბრებულია კოლეჯდამთავრებულის დიპლომთან. ამასთან, რადგან აღიარება ხდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით, დამსაქმებელმა ზუსტად იცის, რა ცოდნას ფლობს სერტიფიცირებული პირი. „სამუშაო როტაციის სქემები“ იდეალურად ებმის აღიარებას: კომპანიას შეუძლია დასაქმებული დროებით სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს, იქ შესძინოს მას ახალი უნარები, შემდეგ კი ეს „სამუშაოზე შეძენილი ცოდნა“ ოფიციალურად აღიარებინოს სახელმწიფოს.
შეჯამებისთვის, ვიტყვი, რომ ქართულ ოცნებას და ბიზნესსექტორს – და სხვათა შორის, საინტერესოა, საერთოდ რამდენად ჰქონდა კერძო სექტორს ამ კვლევაზე წარმოდგენა – 2022–2027 წლებისთვის აქვთ შრომის ბაზარზე დეფიციტური უნარების პროგნოზირების და მოქმედების კონკრეტული მოდელი. მის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი. ეს არის ყველაზე ლოგიკური გზა, რომ მზარდი ეკონომიკური მოთხოვნა და შემცირებული დემოგრაფიული რესურსი ერთმანეთს დაუკავშირდეს.
ამდენად – საფიქრალი კითხვები ახლა ის არის, აღსრულება უფრო სუსტი რგოლი ხომ არ არის? ან იქნებ, ბიზნესის დაინტერესება და ჩართულობაა უფრო სუსტი რგოლი? ან იქნებ – კერძო სექტორის ინფორმირება ამ კვლევების შესახებ? ან – თუ რაიმე ახალი მოდელის ან ჩარჩოს ძიებაა საჭირო, რატომ ხდება ასე? რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებით საბიუჯეტო სახსრები იმისთვის, რაც უკვე ისედაც ნაკვლევია და გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდაზე აგერ უკვე თითქმის 3 წელია გაუნძრევლად დევს?
უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაზე მსჯელობისას, ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ დასამახსოვრებელი ფრაზა თქვა: „არ უნდა რა ადამიანს, აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და არ უნდა, მაგალითად, ბოთლის მბერავად წავიდეს სამუშაოდ“.
მანამდე – განათლების მინისტრისგან გივი მიქანაძისგან გვაქვს მოსმენილი, რომ „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ მენტალობა იმისა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება“.
გივი მიქანაძეს მექანიზმიც აქვს დაკონკრეტებული: კერძოდ – უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო კონკრეტული მიმართულებებით ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს, 2027-2028 წლებში აბიტურიენტებს შორის კონკურენცია გაიზრდება და ვინც უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩააბარებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა პროფსასწავლებლებში გააგრძელონ.
კითხვა ბევრია: რამდენად ემსახურება ეს მიდგომა მაღალკვალიფიციური კადრების მიღებას და რეალურად, ხომ არ იკარგება კვლევისა და მეცნიერების კომპონენტზე აქცენტი – რაზეც პირადად ირაკლი კობახიძე წუხს ხოლმე ყველა ჯერზე, როცა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას ეხება? რა უნდა იყოს უმაღლესი განათლების ამოცანა - ცოდნით ახალი უნარების და ინოვაციური ეკონომიკის დღის წესრიგის შექმნა, თუ ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში არსებული დეფიციტის პასუხი მხოლოდ, რასაც კოლეჯის ხარისხიც თავისუფლად უზრუნველყოფს? რა მიმართულებით არის ეკონომიკის ზრდის მეტი პერსპექტივა 21-ე საუკუნეში? რა ამბიცია აქვს საქართველოს?
რომ შევაჯამო: ჩემი მოკრძალებული აზრით, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ყველაზე არასაკამათო გამოწვევა - შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უნარებს შორის ასიმეტრია - გაცილებით კომპლექსური საკითხია და ვერც უნარების სააგენტოს დაუსაბუთებელი გაუქმება აქცევს მას მხოლოდ უმაღლესი განათლების თავის ტკივილად.




























