Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში 2025 წლის შრომის ბაზრის მაჩვენებლები განმარტა.
ქავთარაძე თქმით, 2025 წელს შემცირდა როგორც დასაქმება, ისე უმუშევრობა და მთლიანობაში - სამუშაო ძალა.
„გამოქვეყნდა მეოთხე კვარტალის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. ფაქტობრივად, მეოთხე კვარტალში იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მესამე კვარტალში, ხოლო უმუშევრობის წლის საშუალო მაჩვენებელი 2025 წელს 13.9%-ის დონეზე შენარჩუნდა. საქართველოსთვის ეს ისტორიულად დაბალი ნიშნულია, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებით კვლავ მაღალ დონედ და მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუ წლიურ მაჩვენებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას, საინტერესოა, რომ სამუშაო ძალა დაახლოებით 15,800 ადამიანით, ანუ 1%-ით შემცირდა. თვალსაჩინოებისთვის საქართველოში სამუშაო ძალა 1.6 მილიონს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 1.4 მილიონი დასაქმებულია, ხოლო 224 ათასი - უმუშევარი.
2025 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა დასაქმება და უმუშევრობა და მთლიანად სამუშაო ძალა. დასაქმების შემცირება ძირითადად უკავშირდება თვითდასაქმებულების შემცირებას, რომელმაც 3.4%-ით იკლო, მაშინ როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირედით, 0.1%-ით გაიზარდა. ამასთან, უმუშევართა რაოდენობა 2024 წლის 227,000 კაციდან 224,000-მდე შემცირდა. შედეგად, უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის მიმართ 13.9% შეადგინა, რაც უცვლელია 2024 წელთან შედარებით.
საინტერესოა, რომ რადგან სამუშაო ძალა, დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა შემცირდა, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: სად წავიდნენ ეს ადამიანები? სავარაუდოდ, შეიძლება ისინი ემიგრაციაში წავიდნენ. აქ საინტერესოა სამუშაო ძალის სტატისტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი როგორია სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი. ეს მაჩვენებელიც მცირედით, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5%-მდე ჩამოვიდა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების ნაწილმა შესაძლოა არააქტიურ კატეგორიაში, ანუ სამუშაო ძალის გარეთ არსებულ მოსახლეობაში გადაინაცვლა", - ამბობს ქავთარაძე.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-4 კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. ასე მაგალითად თუ 2024 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულად ითვლებოდა 1 412 503 ადამიანი, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მათი რაოდენობა 1 402 134 -მდე შემცირდა.
კლებაა როგორც თვითდასაქმებულებში, ასევე დაქირავებით დასაქმებულებში. 2025 წლის მე-4 კვარტალში დაახლოებით 970 ათასი პირი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, მაშინ როცა 2024 წლის შესაბამის პერიოდში ასეთი 978 ათასი იყო. თვითდასაქმებულთა რიცხვმა მე-4 კვარტალში 430 ათასი შეადგინა, დაახლოებით 3 ათასით ნაკლები 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის მე-4 კვარტალში შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, 2024 წლის დაახლოებით 234 ათასი კაციდან შემცირდა 215 ათასამდე 2025 წელს და უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა სამუშაო ძალის მიმართ.




























