ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული პროფესიული რისკების შემცირების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციას, რაც სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რისკს ზრდის.
ინსპექცია წერს, რომ პრევენციული ღონისძიებები ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ინსპექტორები საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან. ცნობიერების ამაღლების კამპანიის დასრულების შემდეგ კი უწყება ინტენსიურ ინსპექტირებას დაიწყებს.
მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სექტორებს, სადაც სამუშაოები ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.
შრომის ინსპექცია შეამოწმებს:
- კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის დაგეგმვის ხარისხს;
- დასაქმებულთა უზრუნველყოფას სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო პირობებით;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას;
- დასაქმებულთა ინფორმირებულობასა და გატარებულ პრევენციულ ზომებს.
შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.



























