ბიზნესისთვის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საუბარია სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე. ეს თითქმის ყველა ბიზნესს ეხება, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა/დანადგარებს, აპარატურას, ხელსაწყოებს ან მოწყობილობებს იყენებს.
რეგლამენტი დამსაქმებელს ავალდებულებს მიიღოს სათანადო ზომა იმისთვის, რომ დასაქმებული უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით. ამ სამუშაო მოწყობილობებს კი უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაციაც მასში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.
“ბიზნეს საქართველოს” პრეზიდენტი მიხეილ კორძახია ამბობს, რომ ტექნიკურმა რეგლამენტმა კერძო სექტორს ძალიან მცირე ვადა მისცა იმისთვის, რომ ახალ რეალობაზე გადაწყობა მოესწრო. მისი შეფასებით პრობლემები 2 მიმართულებით იკვეთება და ერთ-ერთი მოძველებული მანქანა-დანადგარებია, რომელთა განახლება და ახალ რეგულაციებზე მორგება დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს.
“დანადგარები, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება ახალი რეგლამენტის მოთხოვნებს ვერ პასუხობს და ასეთი საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნება. ძველი დანადგარები, რომლებსაც არ გააჩნია, მაგალითად საპასპორტო მონაცემები საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ამისთვის ალბათ დრო ძალიან ცოტა იყო. განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებმა, საწარმოებმა რომ მოახდინონ ნელ-ნელა ჩანაცვლება ძველი დანადგარების, არ არის ასეთი მარტივი და ეს პირდაპირ ფინანსურ სირთულეებზე გადის,”- ამბობს მიხეილ კორძახია.
აღნიშნული რეგლამენტით დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული პერიოდულობით ახდენდეს სამუშაო მოწყობილობების შემოწმებას, რაც დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, ჩანაწერები კი პასუხისმგებელ პირთან უნდა ინახებოდეს.
კორძახია ამბობს, რომ ამ ნაწილშიც გამოწვევებს აწყდება ბიზნესი, რადგან შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის საკითხი ტექნიკურ რეგლამენტში ბუნდოვნად არის განმარტებული.
"რაც შეეხება მეორე საკითხს, არიან ადამიანები, რომლებიც კვალიფიკაციის ვალიდაციას მოახდენდნენ, აქაც გარკვეულწილად პრობლემებია, ვინაიდან მათ შორის ტექნიკური რეგლამენტი არ აკონკრეტებს, არ აზუსტებს, თუ რომელი კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებელ პირად, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე გააკონტროლებს მანქანა დანადგარებს. რეგლამენტში მითითება არის ასეთი, რომ ან უნდა ჰქონდეს გარკვეული დოკუმენტური დადასტურება იმისი, რომ ის არის კვალიფიციური, ან მინიმუმ ორი წელი მაინც უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით.
ტექნიკური რეგლამენტი შეეცადა, რომ ეს მოეწესრიგებინა, მაგრამ ვთვლი, მაინც დარჩება გარკვეული საკამათო საკითხები შემოწმებებთან მიმართებაშიც. კითხვა არსებობს ჩაითვლება თუ არა ადამიანი, რომელიც ორი წელია მუშაობს ამა თუ იმ პოზიციაზე და არ გააჩნია დოკუმენტური დადასტურება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შესაბამის კადრად? ამგვარი ფორმალური განათლების დოკუმენტის ბაზარზე მოძიება განსაკუთრებით ტექნიკური პერსონალისთვის საკმაოდ მწირია, რაც მნიშვნელოვნად გამოწვევებს ქმნის,”- ამბობს “ბიზნეს საქართველოს” პრეზიდენტი მიხეილ კორძახია.
როგორც ცნობილია, სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგლამენტის არსებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების ნაწილი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი 2026 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.




























