მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები კომპანიებს მომსახურებას ძალიან იაფად უწევენ”- დამსაქმებელთა ასოციაცია

636a51316de49
ანუკა ჯოხაძე
08.11.22 20:45
625
ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია- ამის შესახებ BM.GE-თან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ნანუაშვული ამბობს, ბიზნეს ასოციაციის სურვილი და მოსაზრებაა, რომ იმ ტიპის საწარმოებისთვის, სადაც რისკები მინიმალურია, კიდევ უფრო გამარტივდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და კიდევ უფრო გაიზარდოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თითოეული დაბალრისკიანი საწარმო ვალდებულია სამუშაო გარემოში რისკები შეაფასოს.

ბაზარზე, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობაა, ამას ადასტურებენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც, სადაც თვლიან, რომ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან მიმართებით არასწორი მიდგომა არსებობს.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარზე კვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოძიება რთულია, შესაბამისად, ხშირად არის შემთხვევები, როცა ბიზნესს დაბალ ფასად არაკვალიფიციური კადრის დაქირავება უწევს, რაც მათი მხრიდან შესრულებული სამუშაოს ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“არ შეგვიძლია ზოგადად ვთქვათ, რომ მაგალითად საოფისე საქმიანობას არ სჭირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ჯერ უნდა მოხდეს რისკების შეფასება და შემდეგ უნდა მოხდეს მსჯელობა. რეალურად რისკები ყოველთვის არის, თუმცა მას სჭირდება მართვა. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ძალიან სერიოზული აკრედიტაცია უნდა იყოს იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან კომპანიებს, რადგან ხშირად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები კომპანიებს მომსახურებას ძალიან იაფად უწევენ.

წარმოუდგენელია იმ ღირებულებაში ამ მომსახურების გაწევა. მაგალითად თბილისიდან კონსულტანტი ბათუმში თვეში 200 ლარად კომპანიას ადგილზე ჩასვლის და რისკების შეფასების გარეშე მოემსახუროს წარმოუდგენელია,”-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

პრობლემის არსებობას ადასტურებენ მეხორბლეთა ასოციაციაშიც, სადაც ამბობენ, რომ აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ექსპერტების გადამზადების პროცესში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთოს. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ კადრების გადამზადება სპეციალიზაციის მიხედვით უნდა მოხდეს, რადგან ყველა სექტორში მოქმედ საწარმოს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს.

“მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადებაში უფრო აქტიურად კერძო სექტორთან ერთად შრომის ინსპექციაც ჩართული იყოს. იმისთვის, რომ სწავლებაში უფრო მეტი პრაქტიკაზე დაფუძნებული "ქეისები" იყოს. დარგების მიხედვით ხედვები სხვადასხვაა, შესაბამისად, ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით უნდა იყოს გადამზადება გაკეთებული,”-ამბობს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.

ცნობისთვის: 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები. თუმცა იმ პირობით, თუ მას გავლილი ექნება აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არანაკლებ შრომის უსაფრთხოების ორი სპეციალისტით იქნება დაკომპლექტებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები