ავტორი: ანა კაკალაძე, BDO Legal, იურისტი
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის, რომლებიც უცხოელებს საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობისთვის, ახალ, სავალდებულო მოთხოვნებს უწესებს.
BDO Legal-მა კანონში შესული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო გზამკვლევი მოამზადა, რომელიც კანონის მოთხოვნებს, გასავლელ პროცედურებს, დამსაქმებლის ვალდებულებებს, ცვლილებების მიღებით გამოკვეთილ პრობლემებს ეხება.
ცვლილებების შესაბამისად, ნებისმიერი უცხოელისთვის, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი ან სხვა სახის საქმიანობის (მომსახურება, ვაჭრობა, მეწარმეობა) განხორციელება სავალდებულო ხდება შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მოპოვება.
1. კონკრეტულად ვის ეხება მიგრაციის შესახებ კანონის ცვლილებები?
კანონში შესული ცვლილებები ვრცელდება:
- საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელზე, რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შედის შრომით ურთიერთობაში, მათ შორის უცხოელზე, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ასრულებს სამუშაოს;
- საქართველოში მუდმივი ბინადრობის არ მქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითდასაქმებული უცხოელს კანონი ფართოდ განმარტავს. კანონში მოცემული განმარტების შესაბამისად თვითდასაქმებული უცხოელი წარმოადგენს პირს, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა.
შესაბამისად, კანონის მოთხოვნები ვრცელდება არამხოლოდ ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებულ უცხოელზე ან/და მომსახურების გამწევ პირზე, ინდ. მეწარმეზე, არამედ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის დირექტორებზე, პარტნიორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზეც.
2. რა მოთხოვნებია შრომითი იმიგრანტის / თვითდასაქმებული უცხოელის მიმართ, რათა მას ჰქონდეს უფლება საქართველოში კანონიერად განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა?
უცხოელი შეძლებს საქართველოში მუშაობას / ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ ერთობლივად შესრულებულია შემდეგი პირობები:
- შრომით იმიგრანტს და ადგილობრივ დასაქმებულს შორის გაფორმებულია შრომის ხელშეკრულება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა, რომელთანაც შესაძლოა გაფორმდეს არა შრომითი, არამედ მომსახურების ხელშეკრულებაც ან რომელიც შესაძლოა ახორციელებდეს სხვა საქმიანობას, მაგალითად, ინდ. მეწარმის, დირექტორის, პარტნიორის სტატუსით);
- შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი საქმიანობის უფლებას/ნებართვას;
- შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. კერძოდ, უცხოელი ვალდებული იქნება:
- თუ არ იმყოფება საქართველოში - შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის ვიზის (სამუშაო ვიზა) მისაღებად;
- თუ ლეგალურად იმყოფება საქართველოში - შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
- სამუშაო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის აღების აუცილებელი წინაპირობაა უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მიღება. შესაბამისად აღნიშნული ნებართვის მიუღებლობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ. მეორე მხრივ, თუ უცხოელი არ უზრუნველყოფს დადგენილი წესით ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოპოვებას ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები უარს განაცხადებენ უცხოელისთვის ვიზის/ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, აღნიშნული გამოიწვევს უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის შეწყვეტას. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა კი გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას.
- D1 კატეგორიის ვიზის ან/და შრომითი/IT ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებით ვალდებულებები არ გავრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებსაც უკვე აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე ბინადრობის ნებართვა ან თუ ისინი სამუშაოს ასრულებენ დისტანციურად, ისე, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას.
3. ამ ეტაპზე რა პროცედურებია დადგენილი შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მისაღებად?
- შრომითი საქმიანობის ნებართვას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“), შრომით იმიგრანტთან შრომის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენის შედეგად.
- შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მოპოვებისთვის განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს:
- დამსაქმებელი – თუ სახეზეა შრომითი ურთიერთობა (გაფორმებულია შრომის ხელშეკრულება);
- თვითდასაქმებული უცხოელი – თუ მასთან არ არის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება და სხვაგვარად ასრულებს ანაზღაურებად საქმიანობას.
- ნებართვა გაიცემა:
- შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე – კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით;
- თვითდასაქმებულზე – კონკრეტული საქმიანობის/სპეციალობის მითითებით.
- სამინისტრო შრომითი საქმიანობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე ან უარზე, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.
- შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მიღებისთვის მომსახურების საფასური:
ჯერჯერობით, არ არის დადგენილი თუ რა იქნება შრომითი საქმიანობის ნებართვის გაცემის ზუსტი ღირებულება, თუმცა შრომითი მიგრაციის კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
4. ცვლილებების გათვალისწინებით რა დამატებითი ვალდებულებები დაეკისრება ადგილობრივ დამსაქმებელს უცხოელის დასაქმების შემთხვევაში?
ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებული იქნება:
- შრომით იმიგრანტთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების ცვლილების შემთხვევაში, ამგვარი შეწყვეტიდან ან ცვლილებიდან 5 დღეში ასახოს ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში;
- შრომით იმიგრანტთან შრომის ხელშეკრულების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს შრომითი საქმიანობის ნებართვის გაგრძელება, შრომითი საქმიანობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე;
- სამინისტროსგან უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის შეწყვეტის ან ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება და წარადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
5. როგორ გავრცელდება ზემოთ მითითებული ცვლილებები იმ უცხოელებზე, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე დასაქმდნენ ადგილობრივ დამსაქმებლებთან და რეგისტრირებულნი არიან სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში?
- კანონში შესული ცვლილებები ადგენს ვადას იმ უცხოელი დასაქმებულებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ შრომითი ურთიერთობა ადგილობრივ დამსაქმებელთან და 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით არიან დარეგისტრირებულნი სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge). აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან მიიღონ შრომითი საქმიანობის ნებართვა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე.
6. რა პრობლემური საკითხები გამოიკვეთა ცვლილებების მიღების შედეგად?
ცვლილებებში იკვეთება არაერთი პრობლემური საკითხი, მათ შორის:
- იგივე თვითდასაქმებული უცხოელის ფართო განმარტებასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი მოიცავს სამეწარმეო საქმიანობასაც, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის უცხოელი დირექტორები, პარტნიორები ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იძულებულნი გახდებიან მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა ისინი მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე;
- გაურკვეველია ასევე სავალდებულოა თუ არა სამუშაო ნებართვის მოპოვება იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და იღებენ შემოსავალს, თუმცა საქმიანობას ახორციელებენ უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის;
- ცვლილებები ეხება იმ უცხოელებსაც, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა უვიზოდ შემოსულიყვნენ და ეცხოვრათ საქართველოში კანონით დადგენილი ვადით. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად ნებისმიერი უცხოელი რომელიც მიიღებს შრომითი საქმიანობის უფლებას ვალდებული იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის ვიზა ან, თუ იმყოფება საქართველოში, შრომითი ბინადრობის ნებართვა;
- პრობლემურია ასევე კანონის ჩანაწერი, რომ შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი ვადით დატოვება. გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული ჩანაწერი იმ თვითდასაქმებულებზე, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის დირექტორებზე, პარტნიორებზე ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, რომლებიც მუდმივად არ იმყოფებიან საქართველოში ან არ ახორციელებენ ხშირ ვიზიტებს;
- მნიშვნელოვანია ცვლილებებით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმიც შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული საჩივარი არ აჩერებს უცხოელის დეპორტაციას ან მისი გაძევების გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უცხოელს აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს სამინისტროს გადაწყვეტილება, თუ იგი ვერ მოიპოვებს შრომითი საქმიანობის უფლებას, შესაბამისად ვიზას ან ბინადრობის ნებართვას იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მისი საჩივრის განხილვა და შესაძლოა მიღებულ იქნეს განსხვავებული გადაწყვეტილება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით ჯერჯერობით არ არის დადგენილი შრომითი საქმიანობის ნებართვის მიღებისთვის განცხადების წარდგენის კონკრეტული ვადები და წესი, ასევე ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნეს წარდგენილი ნებართვის მისაღებად.
უახლოეს მომავალში, 2026 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს შრომით იმიგრანტს და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი. ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერ ზემოთ ხსენებულ ბუნდოვან და პრობლემურ საკითხს პასუხი გაეცემა საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული რეგულაციის მიღებისას.




























