შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნაზე 18 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. სამინისტრო პროექტის განხორციელებას ამერიკულ ბიოტექნოლოგიური კომპანია Thermo Fisher Scientific-თან პარტნიორობით გეგმავს, რომელთანაც უწყება გამარტივებული წესით 17,745,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
თავდაპირველად დნმ-ის მონაცემთა ბაზაში 100,000 პირის დნმ-ის მონაცემების განთავსება მოხდება, შემდგომ კი მისი მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
შსს-ს მიერ წარდგენილი აღწერის მიხედვით, პროექტის მიზნებია:
"დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა ქვეყნისთვის არის ისტორიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი. სწორედ რომ დნმ ბაზის შექმნა, ბიოლოგიური ნიმუშის აღების მეთოდისა და დნმ-ის პროფილირების მეთოდის ვალიდაცია განსაზღვრავს შემდგომში საექსპერტო კვლევების საერთაშორისო სტანდარტით, მაღალი ხარისხით და ეფექტურად ჩატარებას.
დნმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის პროცესში და დნმ ექსპერტიზა, ანუ გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, მიჩნეულია ყველაზე ზუსტ და ეფექტურ მეთოდად დანაშაულში მონაწილე პირ(ებ)ის ვინაობის დასადგენად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დნმ ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის/შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების მაღალი ხარისხის და დროული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაზე, ეფექტური მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ოპერირებაზე.
აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად მოხდა განხილვა და მიღებულ იქნა გადაწვეტილება შეიქმნას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ერთიანი დნმ ბაზა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის გამოძიების წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით გადაჭრას, დანაშაულთან ბრძოლას და ასევე იქნება მძლავრი ინსტრუმენტი დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის ჩატარების. ამავდროულად აღნიშნული ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა უგზოუკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიკაცია, ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება პირველადი მორეაგირე ჯგუფების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
აღნიშნული, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიზნის განსახორციელებლად, რომელიც პირდაპირ კავშირშია საგამოძიებო პროცესის ოპერატიულად და ეფექტიანად წარმართვასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა კანონპროექტი და 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტებს და საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს CODIS-ის ბაზის პლატფორმაზე, რაც ნიშნავს იმას რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუშაობას შეძლებენ კომპლექსურად, რაც გარანტიაა იმისა, რომ საგამოძიებო და საექსპერტო მიმართულებით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მექაზნიზმი, რაც თავის მხრივ ქვეყანაში უსაფრთხო და დანაშაულისგან თავისუფალი გარემოს შექმნის წინაპირობაა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღნიშნული მაშტაბური პროექტის ფარგლებში იმუშავებენ კომპლექსურად და ეს იქნება ერთიანი განუყოფელი მძლავრი მექანიზმი საგამოძიებო და საექსპერტო მიმართულებით. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო პროექტის დაწყება, პროფილირება და ბაზაში მოთავსება საერთაშორისო სტანდარტით მხოლოდ ვალიდაციის შემდგომ არის დასაშვები, თუმცა მეთოდის ვალიდაციას როგორც წესი გარკვეული დრო სჭირდება, ამავდროულად სწორედ, რომ დროის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რადგან აღნიშნული პროექტის დროულად განხორციელება უზრუნველყოფს სამუშაო სრული ციკლის დანერგვას, რაც თავის მხრივ გულისხმობს გენეტიკური ექსპერტიზის სრულად ჩატარებას, პროფილის რეგისტრაციას CODIS-ის დნმ ბაზაში და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ უმნიშვნელოვანესია პროექტის ეტაპების თანმიმდევრობის დაცვა და მათი უმოკლეს ვადებში განხორციელება. დნმ ბაზის შექმნა, ბიოლოგიური ნიმუშის აღების მეთოდისა და დნმ-ის პროფილირების მეთოდის ვალიდაცია შემდგომში ხელს შეუწყობს, როგორც საექსპერტო კვლევების საერთაშორისო სტანდარტით, მაღალი ხარისხით ჩატარებას, საგამოძიებო უწყებების ეფექტურ საქმიანობას, ასევე გადაჭრის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის გადატვირთულობა და დნმ ლაბორატორიის მიერ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების დროულად მომზადებისა და გაცემის პროცესი, რაც არსებითი პრობლემაა და საფრთხეს უქმნის საპროცესო ვადების დაცვას და პოტენციური დამნაშავის დროულად დასჯას. სწორედ რომ ზემოთაღნიშნული კომპლექსური მუშაობის შედეგად მოხდება სამუშაო პროცესების გადანაწილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე დნმ ექსპერტიზის დასკვნების გაცემის დაწყება მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და დროში მოქნილს გახდის არსებულ პროცეს, რაც თავისთავად საგამოძიებო პროცესების ეფექტიანად და დროულად განხორციელების გარანტიაა.
ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზაში თავდაპირველად განთავსდება 100,000 დნმ პროფილი. ხოლო კანონპროექტი, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის, ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიას საშუალება ექნება დაიწყოს გამართულად ფუნქციონირება და დნმ-ის ბაზისთვის განკუთვნილი ნიმუშების პროფილირების გარდა, მომავალში სხვა გენეტიკური ექსპერტიზებიც ჩაატაროს.
პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი გარემოებაა, ისისც რომ შს სამინისტროში უკვე არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის #1/501 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დნმ-ის ლაბორატორიის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება: - „შინაგან საქმეთა სამინისტროში დნმ ექსპერტიზის ლაბორატორია აღიჭურვოს STR ტიპის სტაციონარული ლაბორატორიული სისტემებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის და ამერიკის გენეტიკური სასამართლო ექსპერტიზის წამყვანი ინსტიტუციების რეკომენდაციებთან. STR სტაციონარული გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიას გააჩნია მაღალი წარმადობა - ერთდროულად შესაძლებელია 96 სხვადასხვა ნიმუშის ანალიზი, ეფექტურია რთული და მცირე ოდენობით ნიმუშებიდან გენეტიკური პროფილის მისაღებად, აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მიერ და წარმოადგენს უპირატესად გამოყენებად მეთოდს გენეტიკური ექსპერტიზის მიმართულებით“. მსოფლიოში მოქმედი STR სტაციონარული გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიების აბსოლიტური უმრავლესობა იყენებს კომპანია Thermo Fisher Scientific-ის სისტემებს. აღნიშნული კომპანიის სისტემები არის აპრობირებული და მოხმარებაში საიმედო, ვალიდირებულია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ასევე რაც უმნიშვნელოვანესია, Thermo Fisher Scientific-ი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს დნმ-ის პროფილირების სრულ ციკლს და არ საჭიროებს სხვა მწარმოებლისგან რეაქტივების დამატებას. რაც შეეხება ელექტრონულ მასკანერებელი მიკროსკოპს (SEM) - ის წარმოადგენს ფართოდ გამოყენებად ხელსაწყოს როგორც კრიმინალისტიკაში, ასევე მეცნიერებაში, რომელიც იძლევა დიდ შესაძლებლობებს სიღრმისეულად და დეტალურად იქნას შესწავლილი სხვადასხვა მცირე ზომის კვალი. ასევე თანამედროვე კვლევის მეთოდებით, ელექტრონული მასკანერებელი მიკროსკოპი გამოიყენება უჯრედებში დნმ მოლეკულის ვიზუალური გამოსახულების აღსაბეჭდად. შესაბამისი მარკირების მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელიაა დნმ-ს სექვენირება, ნუკლეოტიდების მიმდევრობის განსაზღვრა შემდგომი შედარებისთვის. არასტანდარტულ (არაფოროვანი და მცირე ზომის) ზედაპირებზე, რომელზეც არაეფექტურია ანაწმენდის გაკეთება (Swab samples) ელექტრონ მასკანერებელი მიკროსკოპი საშუალებას იძლევა მორფოლოგიური მახასიათებლებით აღმოვაჩინოთ დნმ შემცველი ბიოლოგიური მასალა. როდესაც სამხილზე დაბალი კონცენტრაციის დნმ არის, ელექტრონული მასკანერებელი მიკროსკოპი იძლევა საშუალებას საკვლევი ობიექტების ზედაპირზე ვიზუალურად აღმოჩენილ იქნას დნმ შემცველი მიკრონაწილაკები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, საჭირო გახდა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისათვის არსებული დნმ ლაბორატორიის წარმადობის გაზრდა/გაუმჯობესება და ლაბორატორიისათვის რეაგენტების, სახარჯი მასალის და ელექტრონული მასკანირებელი მიკროსკოპის შესყიდვა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.