შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ორი პირი დააკავა, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ადგილებში ავტოსაგზაო შემთხვევებს განზრახ პროვოცირებდნენ. როგორც უწყება განმარტავს, ბრალდებულები შეჯახებებს ისე ორგანიზებდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ და ამ გზით მძღოლებისა და სადაზღვევო კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ.
უკვე დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული მ.ქ. ჯგუფურად მოქმედებდნენ. მათ მიერ შემუშავებული სქემით, ბრალდებულები საკუთარი ავტომობილებით სპეციალურად გამოყოფილ ლოკაციებზე ავარიებს იმიტირებდნენ, რაც შემდგომში ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოიყენებოდა. მათ შორის, დაზიანების საფასურს უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებსაც თაღლითურად სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი სწორედ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ინსცენირებული შეჯახებისას გამოავლინეს და ადგილზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფიქსირდება მსგავსი რამდენიმე ათეული შემთხვევა, რომელშიც დაკავებულები შესაძლოა იყვნენ ჩართულნი.
გამოძიება გრძელდება როგორც დანაშაულებრივი სქემის სრულად დასადგენად, ისე სხვა შესაძლო მონაწილეთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ბრალდებულებს დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად) და 19-180-ე (თაღლითობის მცდელობა) მუხლებით ედებათ, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




























